LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძის ამერიკული ცხოვრება და შემოქმედებითი სიახლეები

11

7 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემა ”არტ-FM”-ს ნატალია ქუთათელაძე სტუმრობდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ამერიკიდან, სადაც ჯულიარდის ცნობილ სკოლაში სწავლობს. ნატალიამ გადაცემაში ამერიკული ცხოვრების შესახებ ისაუბრა და მსმენელს მოახლოებული კონცერტის დეტალები გააცნო, რომელიც კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 29 ივნისს გაიმართება.

– ნატალია, როგორ მოახერხეთ სრული დაფინანსების მოპოვება და როგორია ასეთ პრესტიჟულ სკოლაში სწავლა?

– გეთანხმებით, ჯულიარდის სრული დაფინანსების მოპოვება არც ისე მარტივია და ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი. რაც შეეხება სწავლას – ძალიან დატვირთული ვარ თეორიული მეცადინეობებით,  ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სტუდენტისთვის ყველა საგანი სავალდებულოა და არ მაქვს სასურველი საგნების არჩევის უფლება. ამიტომ, ნაკლებად ვახერხებ შემოქმედებით პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობას, იშვიათად გამოვდივარ სცენაზე, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და პრაქტიკულად ერთადერთი პრობლემაა, რაც იქ მექმნება. თუმცა, ეს ჯულიარდის – მუსიკალურ სკოლებს შორის ლიდერის წესებია და იძულებული ვარ დავემორჩილო. ჯულიარდი სწორედ ის სკოლაა, რომლის დამთავრებაც უპირობოდ ნიშნავს ინტელექტუალურ მუსიკოსობას.

– ფესტივალზე ”აღდგომიდან ამაღლებამდე” რუსული რომანსები შეასრულეთ და საერთაშორისო აგენტების მოწონებაც დაიმსახურეთ. რამდენადაც ვიცი, თქვენით მეტროპოლიტენ ოპერის მთავარი დირიჟორის ასისტენტიცაა დაინტერესებული. კონკრეტული შემოთავაზებები ხომ არ მიგიღიათ?

– ჯულიარდში ყველა დამწყებ მუსიკოსს აქვს შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რადგან სწორედ აქ იყრიან ის პროფესიონალები თავს, ვინც ამინდს ქმნის ამ სფეროში. შემოთავაზებებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. სკოლაში ყველა სტუდენტს თანაბარი ყურადღება ექცევა და განსაკუთრებით არავის გამოარჩევენ, რაც ვფიქრობ პირველ რიგში შინაგანი კულტურის, მერე კი, პროფესიონალიზმის დამსახურებაა.


55– რამდენადაც ვიცი, თქვენთან ერთად რამდენიმე ქართველი, მათ შორის დათუნა ალადაშვილი და სალომე ჟორდანიაც სწავლობენ.

– რამდენიმე ქართველი მართლაც სწავლობს ჯულიარდში და სწორედ მათი წყალობით გაიცნო სკოლამ ჩვენი ქვეყანა. ხელოვნებაში მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანები კარგად იცნობენ ქართველ შემსრულებლებს და განსაკუთრებით საოპერო მუსიკის წარმომადგენლებს. ბევრი ქართველი მოღვაწეობს მეტროპოლიტენში და ვფიქრობ, ყველა ძალიან მნიშვნელოვანი, ძვირფასი და გასაფრთხილებელი ადამიანია ჩვენი ქვეყნისთვის.

 – ქალბატონი ნანის ოჯახში აბსოლუტურად სხვა მუსიკაზე იზრდებოდით. რატომ აირჩიეთ საოპერო მუსიკა და რამდენად განსხვავდება ეს ორი ჟანრი ერთმანეთისგან?

– რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება. საერთო მხოლოდ  პასუხისმგებლობა და პროფესიონალური დამოკიდებულება აქვთ. კლასიკურსაც და მსუბუქ ჟანრსაც პროფესიონალიზმი ჭირდება. მთელი ცხოვრება ნანის ვუყურებ და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საესტრადო მუსიკა მარტივი ჟანრია, რადგან დამოკიდებულება, რომელიც მას საქმის მიმართ აქვს, ნებისმიერ რთულ პროფესიას უტოლდება. ხშირად ვოკალს სპორტსაც ვადარებ, რადგან ორივეს ერთნაირი მძიმე შრომა და სწორი რეჟიმი ჭირდება.

– როგორია თქვენი დღე?
– ძალიან არეულ-დარეული და ნამდვილად ვერ დავიკვეხნი განსაკუთრებული რეჟიმით. თუმცა, ასაკის გათვალისწინებით ჯერჯერობით ყველა სირთულეს და დატვირთვას ვუძლებ.

– როცა ისეთი ქალბატონების ოჯახში იზრდები, როგორებიც ნანი და ეკა არიან, რა თქმა უნდა, მოთხოვნაც ძალიან მაღალია. რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც საოპერო მუსიკა?– ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო. ძალიან არ მინდოდა პიანისტობა და ზუსტად ვიცოდი, რომ დიდ დროს ვერასდროს გავატარებდი ინსტრუმენტთან, დილეტანტური დამოკიდებულება კი, არც მე მიყვარს, არც მუსიკას უხდება. ვოკალის განვითარება გადავწყვიტე, რადგან ვიცოდი, რომ საკუთარი რესურსების გაზრდა და ხმის აპარატზე მუშაობა ნებისმიერ სფეროში გამომადგებოდა. მოგვიანებით ჩვეულებრივი ინტერესი ოპერის დიდ სიყვარულში გადაიზარდა, დღეს სწორედ ამით ვცხოვრობ და ძალიან ბედნიერი ვარ.

– ივნისის ბოლოს კონცერტის გამართვას გეგმავთ. ჯერ არ ვიცით რას გვიმზადებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთწლიანი სწავლის შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებულად წარსდგებით ქართველი მსმენელის წინაშე.

– კონცერტის გამართვა ჩამოსვლისთანავე გადავწყვიტე ჩემს პედაგოგთან დოდო დიასამიძესთან და კონცერტმეისტერთან ნანა მიქაძესთან ერთად. ჩემი უსაყვარლესი ადამიანები არიან და რაც უფრო შორს ვრ, მით უფრო ვხვდები მათ ფასს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და არ ვიცი, როგორ დავაფასო მათი შრომა. კონცერტი 29 ივნისს გაიმართება კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ჩემთთან ერთად ჩემი მეგობრები – მარიან როინიშვილი და ნინო ჯაჭვაძეც წარსდგებიან პუბლიკის წინაშე. გვექნება რამდენიმე დუეტი, მარიამი სოლო ნომერსაც შეასრულებს. დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, მაგრამ ყველა ის ძირითადი არია შესრულდება, რომელიც ნებისმიერი მეცო-სოპრანოს რეპერტუარში უნდა იყოს.

– რა განსხვავებაა კონსერვატორიასა და ჯულიარდის სკოლებს შორის?– დეტალებს ნამდვილად ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ ერთი ზუსტად შემიძლია ვთქვა – ვერასდროს ისწავლი ჯულიარდში იმას, რასაც თბილისის კონსერვატორიაში და პირიქით. რაც უფრო შორს ვარ, მით უფრო მეტ დადებითს ვხედავ საქართველოში, ძალიან ბევრი კეთდება და დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება. მთავარია, კონცენტრირება განათლებაზე გაკეთდეს და გაჩნდეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგან მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიის ხარ, მთავარია იყო პროფესიონალი და გქონდეს პასუხისმგებლობა.

– ხართ თუ არა შეყვარებული?
– მე ყოველთვის შეყვარებული ვარ, რაც ვფიქრობ შემოქმედებითი ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები