LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძემ და სვიმონ ჯანგულაშვილმა „არტ-FM“–ში 27 მარტს დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისაუბრეს

4

21 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა სვიმონ ჯანგულაშვილმა და ნინო სურგულაძემ, 27 მარტს ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს, რომელსაც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავენ.

– ბატონო, სვიმონ, რას შესთავაზებთ კონცერტზე მოსულ მსმენელს?

– პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან  გვყავს ისეთი დიდებული ორკესტრი, როგორიც ეროვნული სიმფონიური ორკესტრია. ძალიან მადლიერი ვარ ნიკოლოზ რაჭველის, რადგან მიუხედავად რთული პირობებისა, მაინც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. 27 მარტის საღამოზე, რომელიც შალვა მოსიძის და გულიკო კარიაულის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნება, ვაგნერის, მოცარტის და მალერის ნაწარმოებები შესრულდება. კონცერტში ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, გორის ქალთა გუნდი, გორის ბავშვთა გუნდი და სტუდია „ანა-ბანას“ ბავშვთა გუნდი აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიიღებენ  მონაწილეობას, რათა მხარში ამოუდგნენ ჩვენს საყვარელ ორკესტრს, რომელსაც მართალია, არც საკუთარი დარბაზი აქვს, არც სათანადო პირობები რეპეტიციისთვის, მაგრამ მაინც დიდ შრომას ეწევა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის.

– თქვენი აზრით, როგორია ქართველი მსმენელი?

– ბევრი აღნიშნავს, რომ უცხოეთში გამოსვლა ბევრად მარტივია, ვიდრე სამშობლოში. ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა მართლაც მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან ერთის მხრივ ის ძალიან კრიტიკული და მგრძნობიარეა, რომელიც ყველა წვრილმანს ამჩნევს და აღიქვამს, მეორეს მხრივ კი, ძალიან კეთილგანწყობილი და სიყვარულით სავსე.

– ქართველი მსმენელი ნებისმიერ კონცერტზე ახალს და განსაკუთრებულს ელის, შედგება თუ არა თქვენს საღამოზე პრემიერა?

– რამდენადაც ვიცი, ვაგნერის „პარსიფალი“ და მალერის მესამე სიმფონია საქართველოში არასდროს შესრულებულა. ზოგადად, ასეთი მუსიკის საღამოები ჩვენთან იშვიათად იმართება, მითუმეტეს რომ მალერის ნაწარმოებები საკმაოდ რთული შესასრულებელია და განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, მუსიკის მოყვარულებისთვის ჩვენი კონცერტი მართლაც ძალიან დიდი საჩუქარი იქნება.

– როდის გაგიტაცათ მუსიკამ სერიოზულად, თუ ბავშვობიდანვე მუსიკოსობაზე ოცნებობდით?

– უცნაურია, მაგრამ ბავშობაში საერთოდ არ მინდოდა მუსიკოსობა, რადგან ძალიან არ მიყვარდა ფორტეპიანოს გაკვეთილები, თუმცა, როცა „მთვარის სონატა“ მოვისმინე ჩემი ნათესავის შესრულებით, მეც ძალიან მომინდა დაკვრა და სწორედ ამან შეცვალა ჩემი ბედი. მოგვიანებით საფორტეპიანოზე ვსწავლობდი, გარდატეხის ასაკში უამრავი გატაცება მქონდა და მუსიკა საერთოდ არ მაინტერესებდა, პატრიარქთან ურთიერთობის შემდეგ კი, კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება.

– ნინო, თქვენ როგორ ემზადებით კონცერტისთვის?

– მიხარია, რომ მე კონცერტის მხოლოდ მონაწილე ვარ და არა ორგანიზატორი, ამიტომ მთელ ყურადღებას შესრულებაზე, სიმღერაზე გავაკეთებ და შეიძლება ითქვას, ბოლომდე ვისიამოვნებ, მითუმეტეს რომ სვიმონთან ერთად ვიმუშავებ, რომელიც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. დარწმუნებული ვარ საინტერესო კონცერტი გამოვა და მუსიკის მოყვარულებიც ისიამოვნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები