LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო გიგინეიშვილი: ერთდროულად ამაყიც ვარ და ბედნიერიც, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა

5

11 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალ ფილმზე „მძევლები“ ისაუბრა.

– რეზო, რა მესიჯს უგზავნით მაყურებელს თქვენი ახალი ფილმით?

– ძალიან არ მიყვარს მორალისტის როლში ყოფნა, რომელიც ჭკუას ასწავლის ვინმეს ან საკუთარ აზრს ახვევს თავს სხვას. მირჩევნია, მაყურებელმა თავად ნახოს ყველა ჩემი ნამუშევარი და თავად შეაფასოს. ფილმში „მძევლები“ მოთხრობილი ამბავი, პირველ რიგში ჩემი და ლაშა ბუღაძის კვლევის შედეგია, გვსურდა ყურადღება 1980-იან წლების საბჭოთა საქართველოზე გაგვემახვილებინა, გვეჩვენებინა, როგორ ცხოვრობდნენ იმ პერიოდში ადამიანები და რამ აიძულა ახალგაზრდები გადაედგათ ამგავრი ნაბიჯი. ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე წლების მანძილზე არსებული მითები და მუდმივი კითხვა – გმირები არიან ეს ბიჭები თუ ბოროტმოქმედები. ჩემი აზრით, ამ მასშტაბის ტრაგედიას არც გმირი ჰყავს, არც გამარჯვებული, რადგან ყველა ეპოქის მძევალია. კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რა იყო სინამდვილეში საბჭოთა საქართველო და როგორ ვცხოვრობდით, რადგან როცა გარკვეულ საკითხზე ახდენ კონცენტრირებას, ძალიან ბევრ რამეს განსხვავებულად  ხედავ, ბევრ კითხვას თავად პასუხობ, ან პირიქით გიჩნდება ახალი კითხვები.

– თქვენი აზრით, რა მთავარი განსხვავებაა ქართველ და უცხოელ მსახიობებს შორის?

– სულ ცოტა ხნის წინ პატარა ნოველა გადავიღე და ჯონ მალკოვიჩთან ვიმუშავე. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო უდიდეს მსახიობთან თანამშრომლობა, თუმცა, ჩემთვის მთავარი არა მსახიობის ნიჭი, არამედ ისაა, თუ როგორ ვგრძნობ მე ამ ადამიანს კადრში. გამომდინარე აქედან, რასაკვირველია, ქართველ მსახიობებთან უფრო მიადვილდება მუშაობა, რადგან მეც ქართველი ვარ და გენეტიკის დონეზე ვგრძნობ, როგორ მოიქცევიან ამა თუ იმ სიტუაციაში. საერთოდ, როცა რთულ ფილმზე, მძიმე ფსიქოლოგიურ სცენებზე მუშაობ, აუცილებლად კარგად უნდა იცნობდე მას, ვისთანაც მუშაობ.

– რამდენად ემოციონალური იყო თქვენთვის ფილმზე მუშაობა?

– რა თქმა უნდა, ძალიან ემოციონალური იყო. დიდხანს ვფიქრობდით, შევხებოდით თუ არა საერთოდ ამ თემას. თუმცა, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცით და კარგია, რომ არ შეგვეშინდა. ჩემთვის ეს ტრაგედია ერთგავრი ახსნაა იმისა, თუ რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, რომელიც მეტწილად ტყუილზე არსებობდა. შვიდი წელი ვემზადებოდით, სანამ სცენარის დაწერას შევუდგებოდით, უზარმაზარი მასალა შევაგროვეთ, ამ ისტორიის უმარავ მოწმეს თუ მონაწილეს შევხვდით და მივხვდით, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლაპარაკი და საკუთარი სიმართლის თქმა, რადგან ბევრი თითქოს განთავისუფლდა მრავალი წლის ტვირთისგან. ძალიან ბევრი მითი არსებობს, რომელთაც არაფერი აქვს სერთო ამ ტრაგედიასთან, ამიტომ ვფიქრობ, ყველა იმსახურებს ყურადღებას, ყველას უნდა მოვუსმინოთ, რათა გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში იმ საბედისწერო დღეს.

– რატომ თქვით უარი ფილმის ტრადიციულ პომპეზურ საპრემიერო ჩვენებაზე?

– ასე გადავწყვიტე, რადგან ჩემთვის მთავარი მაყურებელია, რომლისთვისაც ფილმი შეიქმნა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, ძალიან გრძელი გზა გავიარეთ და ბოლომდე დავიხარჯეთ, ახლა კი, მათ უნდა შეაფასოს ჩვენი ნამუშევარი.ზოგადად, კარგი იქნება თუ, ფილმის კინოთეატრში ნახვის კულტურას აღვადგენთ, რადგან ზოგჯერ აუცილებელია მოვწყდეთ ტელეეკრანებს და კინოში გავისეირნოთ. აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ არ ჰქონდეს ცრუ მოლოდინი და იმ ლეგენდების ნახვის იმედი, რომელთაც წლების მანძილზე ისმენდა, რადგან ეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც უნდა ნახოს და შეაფასოს, მერე კი, კარგი იქნება თუ ფილმის გარშემო დისკუსიაც გაიმართება.

– ფილმი საქართველოს, რუსეთის და პოლონეთის ერთობლივი ნამუშევარია, რომელზეც ოსკაროსანი „იდას“ მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკა მუშაობდა, მთავარ როლები კი, ქართველმა მსახიობებმა ირაკლი კვირიკაძემ, თინა დალაქიშვილმა, მერაბ ნინიძემ და ილიკო სუხიშვილმა შეასრულეს. კიდევ ვინ მიიღო მონაწილეობა ფილმის შექმნაში?

– აუცილებლად დავამატებდი ბატონ ავთო მახარაძეს, რომელიც ძალიან შევიყვარე გადაღებების დროს. რა თქმა უნდა, მანამდეც ვიცოდი, რომ გენიალური არტისტი იყო, თუმცა ახლა უფრო ახლოს გავიცანი. ალბათ სიმბოლურია, რომ ფილში „მონანიება“ სწორედ გეგა კობახიძემ დაიწყო ბატონ ავთოსთან მუშაობა, მერე კი, ჩვენმა კიდევ ერთმა მსახიობმა – მერაბ ნინიძემ ჩაანაცვლა. ფილმს ძალიან საინტერესო, ძლიერი სამსახიობი დასი ჰყავს, რაც ბერლინის კინოფესტივალზეც მრავალგზის აღინიშნა, ამიტომ ერთდროულად ამაყიც ვარ და ბედნიერიც, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა.

– სად უფრო მარტივია ფილმის გადაღება საქართველოში თუ რუსეთში?

– „მძევლების“ გადაღების დროს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო, ერთადერთი, რაც გვამხნევებდა – ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი იყო, რომელიც უზარმაზარი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ თემას და ყოველდღე დაუღალავად მუშაობდა. განსაკუთრებით ახალგაზრდების მიკვირდა, რომელთაც უზარმაზარი ძალა, პროფესიონალიზმი და როლზე კონცენტრირების უნარი აღმოაჩნდათ.

– გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედვად, როგორ ახერხებთ ოჯახისთვის და შვილებისთვის დროის გამონახვას?

– რა ვქნათ, ჩემს შვილებს ძალიან დაკავებული მშობლები ჰყავთ. თუმცა, თვითონაც ხშირად მეხმარებიან ინტერვიუების დროს. ერთი ფოტოებს მიღებს, მეორე მუდმივად აკონტროლებს რას ვამბობ და ზოგჯერ ეჭვიანობს კიდეც.

– ისურვებდით, რომ თქვენმა შვილებმაც კინოპროფესია აირჩიონ?

– ნინა საკმაოდ ნიჭიერია, თუმცა ვფიქრობ არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. მე ჯერ არ მინდა მათ გადაღება, მერე კი, ვახოთ, თვითონ რას მოისურვებენ. სხვათაშორის, ქობულეთში, ფილმის „სიყვარული აქცენტით“ გადაღებებზე, ნინა 40 დღის იყო, მოგვაინებით კიდე ერთი ფილმის გადაღებებს დაესწრო თბილისში.

– თბილისის გარდა, კიდევ სად იგეგმება ფილმის საპრემიერო ჩვენება?

– მოწვევა 20-25 ფესტივალიდან გვაქვს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– კონკრეტულად ჯერ არაფერი დაგვიგემავს, თუმცა, მე და ლაშა ბუღაძეს უამრავი იდეა და ჩანაფიქრი გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები