LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი წამყვანები გამოჩნდებიან პროექტში „მხოლოდ ქართული“

9

3 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” გიორგი უშიკიშვილი სტუმრობდა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ახალ პროექტზე „მხოლოდ ქართული“ ისაუბრა.

– გიორგი, როგორ შეაჯამებთ  „მხოლოდ ქართულის“ ქასთინგს?

– პირველ რიგში ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებივი გუნდი ჰყავს, რომელიც ყოველთვის შესანიშნავ პროდუქტს ქმნის და ახალი პროექტიც სწორედ კოლექტიური შრომის შედეგია. რაც შეეხევბა ქასთინგს – ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი მსურველი მიიზიდა. ყველა ძალიან მონდომებული იყო, ზოგი ინსტრუმენტით მოვიდა, ზოგი ეროვნულ კოსტიუმში გამოწყობილი.  ვფიქრობ, სწორად წავმართეთ სარეკლამო კამპანია, რადგან მოსულთა დიდმა ნაწილმა ზუსტად იცოდა სად მოდიოდა. ჩვენ უნივერსალურ შემსრულებლებს ვეძებდით, თუმცა რამდენად გამოგვივიდა – მაყურებელმა შეაფასოს.

– ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქალბატონი მარინა ბერიძე ჩვეული სიმკაცრით შეაფასებდა კონკურსანტებს და როგორც ჩანს, არც შემცდარან,

– ქალბატონი მარინა როგორც ყოველთვის, ახლაც ფორმაშია. შესაძლოა მკაცრად, თუმცა, აუცილებლად სამართლიანად და ობიექტურად აფასებს. ვფიქრობ, მეტად საინტერესო შემადგენლობით წარსდგა ჟიური, რადგან ყველას ძალიან გვიყვარს ქართული სიმღერა და ვაფასებთ პროფესიონალიზმს.

– რამდენადაც ვიცი, ჟიურის კიდევ ორი წევრი დაემატება, ხომ არ გაამხელთ მათ ვინაობას?

– ახალი წევრების ვინაობას საიდუმლოდ შევინახავ, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ქულებით შეფასების საშუალება გვექნება. უმაღლესი შეფასება 100 ქულაა, საიდანაც 50 ჟიურის „წილია“, 50 კი – მაყურებლის, ანუ სწორედ ის კონკურსანტი მიიღებს მაყურებლის ქულებს, ვინც სატელეფონო ზარებით მოიპოვებს უპირატესობას. სხვათაშორის, წელს ნებისმიერ მსურველს უფასოდ, თუმცა მხოლოდ ერთხელ ექნება დარეკვის საშუალება, კონკურსანტის შეფასებისას კი, ჟიურის და მაყურებლის აზრი ერთნაირად იქნება გათვალისწინებული.

– საინტერესოა, ვინ იქნება „მხოლოდ ქართულის“ წამყვანი?

– მთავარი წამყვანის ვინაობას ჯერ არ გავამხელ, თუმცა ყველამ იცის, რომ მთავარი ოთახში ილო ბეროშვილი და ნიკა გრიგოლია იმუშავებენ, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის წამყვანები თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი იქნებიან, სააფთიაქო ქსელის ოთახიდან კი – საღამოს ახალი სახე გაუძღვება.

– რა პროგრამით გაიმართება „მხოლოდ ქართული“?

– პროექტი რამდენიმე, მათ შორის თანამედროვე და საესტრადო მუსიკის, ჯაზისა და ფოლკლორის, ასევე ცნობილი კომპოზიტორების ტურებს გააერთიანებს. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო შოუ გამოვა, სადაც მხოლოდ კარგი ქართული სიმღერა შესრულდება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები