LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჯაში: „ფილმით უცხოური ტელევიზიები დაინტერესდნენ”

7

1 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ ფილმზე ”დაისის მიზიდულობა” ისაუბრა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის, კავკასიის ჟურალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის დასრულების შემდეგ, სალომე ჯაშმა სწავლა ლონდონის უნივერსიტეტის როიალ ჰოლოუეის კოლეჯში გააგრძელა დოკუმენტური კინოს სპეციალობით. მუშაობდა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტად, დააფუძნა საპროდიუსერო კომპანია ”საქდოკფილმი”, გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: ”მათი ვერტმფრენი”, ”ერთ-ერთი მინისტრი”, ”დადუმებულები”, ”ლიდერი ყოველთვის მართალია”, ”ბახმარო”, ”ცურვა” და ”დაისის მიზიდულობა”.

საქართველოსა და გერმანიის კოპროდუქცია, ფილმი ”დაისის მიზიდულობა”, ერთ-ერთი პატარა ქალაქის ისტორიას ასახავს, სადაც ცხოვრების წესს რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები განსაზღვრავს. ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიონის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან მთავარი პრიზიც მოიპოვა.

– სალომე, რეჟისორებს შვილებივით უყვართ საკუთარი ფილმები. თქვენ რას გრძნობდით, როცა თქვენმა ნამუშევარმა ასეთი წარმატება მოიპოვა?

img_3849– გეთანხმებით, ბევრი ფილმს ისე უყურებს, როგორც საკუთარ შვილს. არ ვიცი, რამდენად მართებულია ასეთი პარალელის გავლება, მაგრამ, ფილმის შექმნას, მითუმეტეს თუ ეს სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, მართლაც ძალიან დიდი დრო და ენერგია ჭირდება. მერე კი, როცა ის მიდის და შენგან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, ძალიან საინტერესოა მისი ახალი ცხოვრების გვერდიდან დაკვირვება. ბევრად სასიამოვნოა, როცა ეს ცხოვრება ასე წარმატებულად იწყება. ”დაისის მიზიდულობამ” პირველი პრიზი ნიონში მოიპოვა, მოგვიანებით კი, კიდევ ოთხი პრიზი მიიღო.

– დოკუმენტალურ კინომდე, ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდით. რომელ ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

– ზუსტად ვერ გეტყვით. ინტერვალი ფილმებს შორის საკმაოდ გრძელია და ამ პერიოდში ყოველთვის რაიმე ახალ საქმეს ვეძებ. ყველაზე კომფორტულად მაშინ ვარ, როცა ახალ პროექტს ვიწყებ. ვცდილობ ჯერ ერთი მივიყვანო ბოლომდე და მხოლოდ მერე დავიწყო მეორე. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ყოველთვის ახალ ინფორმაციას, ცოდნას და გამოცდილებას ვიძენ.

– რა ფილმის გადაღებაზე ოცნებობთ და რა არის აუცილებელი ოცნების განსახორციელებლად?

– საოცნებო ფილმი ნამდვილად არ მაქვს. თუ რაიმეთი ვარ დაინტერესებული, ვცდილობ სწრაფად განვახორციელო, რადგან მერე, შეიძლება ინტერესი დავკარგო.

– ფილმში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მუსიკალური გაფორმებაა. ვინაა თქვენი საყვარელი კომპოზიტორი?

– განსაკუთრებით ვერავის გამოვყოფდი. ჩემს ფილმებში ყოველთვის ადგილობრივების მიერ შესრულებული მუსიკა ჟღერს და არა სპეციალურად კომპოზიტორის მიერ დაწერილი. მაგალითად, ”დაისის მიზიდულობას” მუსიკალურად ადგილობრივ ბავშვთა გუნდი აფორმებს.  საერთოდ, ყოველთვის იმ მასალით ვუმუშაობ, რომელიც კონკრეტულ მომენტში მაქვს ხელში.

– ქართველი ან უცხოელი რეჟისორებიდან ვინააა თქვენი შთაგონების წყარო?

– მართალია, არის ფილმები, რომლებიც გარკვეულ მომენტში შთამაგონებენ, მაგრამ, პირველი ინსპირატორი მაინც ჩემი ლექტორი – გიდეონ კოპელი იყო, რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებულად დამანახა დოკუმენტური კინო. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემოქმედებაზე რუსმა რეჟისორმა სერგეი დვორცევოიმაც.

– რა ახდენს თქვენზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დეტალები, რადგან ერთი შეხედვით ყოფით წვრილმანებს, სინამდვილეში ძალიან ბევრის თქმა შეუძლიათ.

– ახლო მომავალში რომელ ფესტივალზე გეგმავთ გამგზავრებას?

– ფილმმა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო მოგზაურობა. შემოდგომაზე რამდენიმე ფესტივალზე ვართ მიწვეული. ნოემბერში გერმანიაში მივდივართ, სადაც ორ ფესტივალში მივიღებთ მონაწილეობას. მოგვიანებით, პერუსა და ჰოლანდიის ფესტივალებსაც ვესტუმრებით. ფილმით უცხოური ტელევიზიებიც დაინტერესდნენ, რამდენიმე არხმა უკვე შეიძინა ჩვენი ნამუშევარი. თუმცა, ამგვარი საერთაშორისო წარმატების ფონზე, ძალიან საწყენია, რომ ქართული ტელევიზიები არასდროს ინტერესდებიან დოკუმენტური ფილმებით. მათ საკუთარი წარმოება აქვთ და ძირითადად სატელევიზიო პროექტებზე მუშაობენ, საავტორო კი, აბსოლუტურად განსხვავებული სფეროა. მართალია,  დოკუმენტური კინოს ძალაინ კარგი ფესტივალი ”სინედოკი” გვაქვს, მაგრამ ფესტივალისგან დამოუკიდებლად ამ ფილმების ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან კინოთეატრებში დოკუმენტური ფილმები არასდროს გადის. საქართველოში არ არსებობს მუნიციპალური კინოთეატრი, რომელიც არაკომერციულ კინოს აჩვენებდა. ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი დოკუმენტური ფილმი კეთდება, რომელიც  საზღვაგარეთ გადის, ქართველ მაყურებელს კი, მისი ნახვის საშუალება არ ეძლევა.

– რა სჭირდებათ ქართველ რეჟიოსრებს დღეს ყველაზე მეტად?

– ხარისხიანი ფილმის შესაქმნას დაფინანსება სჭირდება. ამიტომ, ქართველი კინომწარმოებლები ძირითადად  საერთაშორისო პროდიუსერებთან მუშაობენ. საქართველოში გამოყოფილი თანხა არასდროს ჰყოფნის ფილმის წარმოებას. მაგალითად, კინოცენტრის დოკუმენტური კინოს დაფინანსების წლიური ჯამური ბიუჯეტი ერთი ევროპული ფილმის ბიუჯეტის ტოლია. გამომდინარე აქედან, ქართველ რეჟისორებს მუდმივად საზღვარგარეთ უწევთ დაფინანსების მოძიება. ჩემი აზრით, ქართულ დოკუმენტალისტიკას ორი ძირითადი პრობლემა აქვს – დისტრიბუცია ტელევიზიისა და მუნიციპალური კინოთეატრების საშუალებით და ბიუჯეტი. კარგი იქნება, ამდენი წარმატებული ფილმის შემდეგ, ბიუჯეტი შედარებით მაინც რომ გაიზარდოს, რადგან მთავარი, რისი ექსპორტიც დღეს საქართველოს შეუძლია – ეს კულტურაა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები