LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tbilisi Open Air – დედა-ფესტივალია და ყველა მუსიკალურ ჟანრს აერთიანებს

2

გადაცემის ლაივი LIVE

19 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი და ფესტივალის Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახო ბაბუნაშვილი და ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფო ებრალიძე სტუმრობდნენ.

– სოფო, სად და როდის გაიმართება წლევანდელი ფესტივალი?

– წელს Tbilisi Open Air უკვე მეცხრედ ეწყობა და მოთხოვნა, როგორც ყოველთვის, ისევ დიდია. ფესტივალი 22-24 ივნისს გაიმართება Lisi Wonderland-ში, რომელიც სამი წლის წინ შევარჩიეთ და ძალიან გაგვიმართლა, რადგან არაჩვეულებრივი ლოკაციაა, ძალიან უხდება ფესტივალს და მის იდეას. წელს 70-ზე მეტ ადგილობრივ და უცხოელ არტისტს ვუმასპინძლებთ, გასული წლებისგან განსხვავებით, ოთხი სცენა და ბევრად მრავალფეროვანი პროგრამა გვექნება.

– როგორი იქნება ფესტივალის გახსნის დღის პროგრამა?

– ფესტივალი 22 ივნისს, 4 საათზე გაიხსნება და პირველად ამოქმედდება – ე.წ. ჯაზ-სცენა, რომელიც პროფესიონალ ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად, ახალგაზრდა შემსრულებლებსაც უმასპინძლებს, 6 საათზე მთავარი სცენა დაიწყებს მუშაობას, სადაც პრე-ჰედლაინერები და ჰედლაინერები მოიყრიან თავს, 12 საათზე კი, ორ დამოუკიდებელ – ტექნოსა და ტრანსის სცენებზე ფესტივალის ღამის ცხოვრება დაიწყება.

– ვახო, რატომ გადაწყვიტეთ საფესტივალო პროგრამაში ჯაზ-მუსიკის შეტანა?

– როგორც ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბექა ჯაფარიძემ თქვა, Tbilisi Open Air – დედა-ფესტივალია და ყველა მუსიკალურ ჟანრს აერთიანებს. წელს მსმენელს „მუსიკალურ“ სერვისებთან ერთად უამრავ სიახლეს შევთავაზებთ. მაგალითად, ფეხბურთის მოყვარულები დიდ ეკრანზე ისიამოვნებენ მატჩის ხილვით, გარდა ამისა, გვექნება Playground-ები, სადაც ყველა შეძლებს გართობას და განთავისუფლებას, ისე რომ, სხვა არ შეაწუხოს.

– სოფო, თქვენი გათვლით, რა რაოდენობის მსმენელი ეწვევა ფესტივალს?

– ვფიქრობ, სულ მცირე 20 ათასი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი გვეყოლება. ჩვენი ფესტივალი განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში მოსწონთ, რაც ძალიან გვახარებს, რადგან Tbilisi Open Air მაქსიმალურად უწყობს ხელს უცხოელი ტურისტების მოზიდვას.

– ვახო, ვის გამოარჩევდით ფესტივალის მონაწილეებს შორის?

– ფესტივალის ყველა მონაწილეს დიდ პატივს ვცემ და მოუთმელლად ველი მათ გამოსვლას. სამწუხაროდ, საკუთარ ფესტივალზე არასდროს გამოგვდის რიგით მსმენელად ყოფნა, რადგან უფრო ვმუშაობთ, ვიდრე ვისვენებთ.

– მომავალ წელს ფესტივალი 10 წელს აღნიშნავს. საინტერესოა რით იქნება გამორჩეული საიუბილეო ღონისძიება?

– ვფიქრობ, ფესტივალი ყოველ წელს განსხვავებულია, რადგან ვიზრდებით, ვითარდებით და მსმენელსაც მუდმივად სიახლეს ვთავაზობთ. ფესტივალის მთავარი იდეა – რამდენიმე დღით სრული თავისუფლების მოპოვებაა, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოგვდის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები