LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ მაჭავარიანი და ლექსო თორაძე სტუმრად „არტ-FM“-ში

7

10 ოქტომბერს რადიო „ფორტუნამ“ და თათა სადრაძის გადაცემამ „არტ-FM“-მა ბატონებს ვახტანგ მაჭავარიანს და ლექსო თორაძეს უმასპინძლა.

– ბატონო ვახტანგ, ბოლოს რადიო „ფორტუნას“ 2013 წელს სტუმრობდით ქალბატონ ნანა კიკნაძესთან ერთად. რა ცვლილებები მოხდა მას შემდეგ თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

– იმ პერიოდში ქალბატონი ნანა, ალექსი მაჭავარიანზე ფილმს „ერთი ოკეანეს საიდუმლოება“ იღებდა. მას შემდეგ მართლაც უამრავი საინტერესო მოხდა როგორც ჩემს ცხოვრებაში, ისე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში. მაგალითად, გასულ წელს თბილისში იზმირის სიმფონიური ორკესტრი იყო ჩამოსული და ბედნიერი ვარ, რომ პუბლიკის წინაშე ჩემს უახლოეს მეგობართან, ბატონ ლექსო თორაძესთან ერთად წავრსდექი. გარდა ამისა, გავბედე, შექსპირის სონეტებს ინგლისურ ენაზე შევეჭიდე და ათი სონეტისთვის მუსიკა შევქმენი, რომელიც ბრწყინვალედ შეასრულა მეგი ჩიხრაძემ საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

– მართალია, თქვენი ძირითადი პროფესია დირიჟორობაა, თუმცა ერთნაირი წარმატებით ქმნით მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწარმოებებს. საინტერესოა, რომელ სფეროში უფრო მოგწონთ მუშაობა?

– ვერცერთს ვერ გამოვყოფ, რადგან მე თვითონ შემოქმედებითი პროცესი მომწონს, როცა აუცილებლად რაღაც ახალი იქმნება.

– განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თქვენმა წიგნმა „ჰოი, გრძნეულო გადამწყვეტილო“. სად შეიძლება მისი შეძენა?

– წიგნის შეძენა თავისუფლად შეიძლება „ბიბლუსის“ ქსელის ნებისმიერ მაღაზიაში.

– ბატონო ლექსო, რას გრძნობთ სამშობლოში დაბრუნებული, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება თქვენს მიმართ?

– ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. მეტიც, სულ უფრო დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ჩამოვდივარ საქართველოში, სხვების კი – არ ვიცი, ალბათ მათ უნდა გასცენ ამ კითხვას პასუხი.

– დიდი წარმატებით ჩაიარა თქვენმა კონცერტებმა საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში. რას ნიშნავს თქვენთვის ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლა?

– საქართველოს ყველა ქალაქთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს, გამომდინარე აქედან კონცერტის გამართვა ქვეყნის ყველა რეგიონში დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, მით უფრო თუ წარმოდგენებს ჩემს საყვარელ მეგობართან ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად ვმართავ.

– მართალია, იშვიათად გამოხატავთ საკუთარ აზრს საჯაროდ, თუმცა ამჯერად ღიად დაუჭირეთ მხარი ბატონ პაატა ბურჭულაძეს და ფონდ „იავნანას“,

– პაატა ჩემი ბავშობის მეგობარია, ძალიან მიყვარს და დიდი პატივს ვცემ. მემგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ ბატონი პაატა უდიდესი მუსიკოსი და ადამაინია, რომელიც ხელის გულზე უნდა ვატაროთ, კონფლიქტი კი, არა იმდენად მას, რამდენადაც ქართულ მუსიკალურ საზოგადოებას და პირველ რიგში ახალგაზრდა თაობას აყენებს ზიანს.

– რადგან ახალგაზრდა თაობა ახსენეთ, უცილებლად მინდა გკითხოთ, საკუთარი საქმის გამგრძელებლად თუ ხედავთ ვინმეს?

– ძალიან ბევრს. უნიჭიერესი თაობა მოდის, რომელსაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ მათ ასაკში.

– თქვენი აზრით, რამდენად პოპულარიულია კლასიკური მუსიკა საქართველოში და რა კეთდება მის გასავითარებლად?

– რა თქმა უნდა, გარკვეული წინსვლა არის, თუმცა ეს საკმარისი აარაა. თუმცა, ამგვარი  პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია, რადგან კლასიკურ მუსიკას არსად არ ექცევა სათანადო ყურადღება.

– თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული არიან ქართველი მუსიკოსები საზღვარგარეთ?

– უნიჭიერესი მუსიკოსები გვყავს, ხშირად ვესწრები მათ კონცერტებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ მათი შემოქმედებით.

– ბატონო ვახტანგ, რამდენადაც ვიცი, თქვენ ცნობილი მითოლოგიური პერსონაჟის – მედეას ისტორიის შეცვლა გადაწყვიტეთ,

– აქამდე ითვლებოდა, თითქოს მედეამ საკუთარი შვილები დახოცა, თუმცა, უამრავი და განსაკუთრებით გერმანული ლიტერატურა არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ კრეუსას მკვლელობის შემდეგ, ჰერას ტაძარს თავშეფარებული მედეას შვილები განრისხებულმა კორინთელებმა მოუკლეს. მე ისტორიის არა შეცვლას, არამედ აღდგენას ვცდილობ და ჩემს  ლიბრეტოსა და ნებისმიერ გამოსვლაში სწორედ ამ ვერსიას ვიზიარებ.

– როგორ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ამგვარი ვერსია?

– საქართველოში  ყველა დიდი ინტერესით შეხვდა, ახლო მომავალში მოხსენებით ათენში მივემგზავრები. მანამდე კი, პარიზიდან წერილი მივიღე, სადაც ერთ-ერთმა ბერძენმა მსახიობმა ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრების გაცნობა მოისურვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები