LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: ტურიზმი გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად

34

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია რომ 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 8 მილიონს გადააჭარბებს, – ამის შესახებ პრემიერმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცადა.

პრემიერის განცხადებით, ტურიზმიდან საქართველოში 2017 წელს 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად გადაიქცა.

პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ჩვენ ტურიზმის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ახალ სასტუმრო „მოქსში“ მიმდინარეობს. მან სასტუმროს დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი სასატუმრო გახდება ყველა ტურისტისთვის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი დედაქალაქში.

„ტურიზმი ნამდვილად გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 7 მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი დასრულდება უკვე რიცხვით, რომელიც 8 მილიონს გადააჭარბებს, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი ტენდენციაა და ასევე კარგია ის, რომ 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა საქართველოში ტურიზმის გზით. ეს არის შემოსავალი ჩვენი ეკონომიკის ყველა სფეროში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ პუნქტზე – სივრცით განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, ტურისტისათვის სიანტერესო ყველა მიმართულებით თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიყვანაა.

„4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ სივრცითი განვითარება, რომელიც გულისხმობს სწორედ იმას, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიყვანა ტურისტისათვის საინტერესო ყველა მიმართულებით, არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარებისთვის. სწორედ ამას ემსახურება ავტობანების მშენებლობა, ზამთრის ინფრასტრუქტურის განვითარება და მომსახურების სფეროში, აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩონჩხის შექმნა, რომელიც პირდაპირ აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეს პოზიტიური ტენდენცია, რომელიც გვაქვს აუცილებლად შენარჩუნდება მომავალში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები