LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის გაუფასურების 4 მთავარი მიზეზი

81

ლარის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ გაუფასურებას განაგრძობს.  გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა და ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4926 ლარია,  რაც შეეხება 1 ევროს – ის 2.9662  ღირს.

”ფორტუნა” დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა ბოლო პერიოდში და რა ბედი ელის  ეროვნულ ვალუტას. როგორც ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, ლარის გაუფასურებაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იმოქმედა.

”მოგეხსენებათ, ლარმა მკვეთრი გაუფასურება 21 აგვისტოდან დაიწყო. ანუ, ბოლო 2 კვირაა, რაც გაუფასურების პროცესი მიმდინარეობს. მიზეზები ბევრია, თუმცა მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გამოვყოფდი:

  1. ლარის კურსი არის მცურავი კურსი და ის დამოკიდებულია საბაზრო ეკონომიკაზე, საბაზრო პროცესებზე, რომელიც ქვეყანასა და მსოფლიოში ვითარდება. მსოფლიოში არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება პირდაპირ აისახება ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე. აქ შეიძლება განვიხილოთ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, ჩრდილოეთ კორეაში იარაღის ”ჟღარუნი” და სხვა..

  2. დიდი ტრანზაქციები ქართულ ბაზარზე: თუ ასეთი ტრანზაქციის დროს, ფული არ გაედინება საზღვარგარეთ და ეს ტრანზაქცია ქვეყნის შიგნით ხდება, მაშინ ეროვნულ ვალუტაზე ეს არ აისახება. თუმცა, თუ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაედინება, ეს ავტომატურად იწვევს ლარის შესუსტებას.

  3. ასევე გასათვალისწინებელია ის მასშტაბური ხანძრები, რომლებიც ბოლო თვეა ქვეყანაში ყოველდღიურად ჩნდება. ამან, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია იმ პოტენციურ ინვესტორებზე, რომლებიც აქ შემოსვლასა და ფულის ჩადებას გეგმავდნენ. შესაბამისად, შემცირდა ბიზნეს აქტიურობა. ამასთან, რთული გახდა ტურისტული ნაკადების შენარჩუნებაც და უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველო ამ ხანძრების გამო, მალევე დატოვეს. გარდა ამისა, ხანძრების გამო სახელმწიფოს გაეზარდა ხარჯები, რამაც ასევე იმოქმედა ლარის კურსზე.

  4. კიდევ ერთ ფაქტორად კი, იმპორტის ზრდა შემიძლია დავასახელო, რამაც გამოიწვია უცხოურ ვალუტაზე დიდი მოთხოვნა, ვინაიდან ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაში ხდება.

ეს და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორი მოქმედებს ლარის კურსზე. მესმის, რომ მოსახლეობა მძიმე ვითარებაშია- შემოსავალი ლარში აქვთ, ანგარიშსწორების ვალდებულებები კი- უცხოურ ვალუტაში, თუმცა პანიკის საფუძველს მაინც ვერ ვხედავ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ლარის სავარაუდო კურსად 2.50 არის დაფიქსირებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარი დარჩება სტაბილური, იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რაც სავალუტო კურსთან მიმართებაში აქვს ხელისუფლებას”, – განმარტა ეკონომიკის ექსპერტმა.

რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც სოსო არჩვაძე ამბობს, ამ ეტაპზე რთულია ივარაუდო, რა ბედი ელის ლარს. ”ეს ყოველივე დამოკიდებულია ისევ და ისევ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ჩამოვთვალე. ამიტომ, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება”, – აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები