LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ბაგრატიონის ჭრელი ახალი წელი და ნოსტალგია, რომელიც მამასთან აკავშირებს…

1276

ლიზა ბაგრატიონი „ფორტუნას“ საახალწლო ფოტოსესიაზე დისშვილებთან: გიორგისთან, მარიამთან, გურისა და ლიზასთან და შვილთან, ირაკლისთან ერთად გვესტუმრა „თბილისი მარიოტში“.

მომღერლის პატარა დისშვილმა, ლიზამ, ფოტოკამერასთან საკმაოდ დაიმორცხვა, თუმცა მაინც შევძელით მისი გადაღება. გარდა ამისა, მომღერალს საახალწლო ტრადიციებსა და სურვილებზეც ვკითხეთ.

ლიზა ბაგრატიონი:

ტრადიციულად, ახალ წელს ელოდები სიახლეს, უკეთეს მომავალს, სიხარულსა და საჩუქრებს. წლებთან ერთად, სამწუხაროდ, აჟიტირებული მოლოდინი იკლებს, ეს შესაძლოა, ლოგიკურიც არის, რომ უფროსებს ბავშვებივით აღარ გვიხარია. დღეს ახალი წელი უფრო სხვებზე ზრუნვასთან ასოცირდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს დღესასწაული საქმესაც უკავშირდება. როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვხვდები შინ, ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა რამდენჯერმე შევხვედრივარ ახალ წელს გარეთ, საახალწლო კონცერტზე.

სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის მამა. მას უკავშირდებოდა ჩემს ცხოვრებაში საჩუქრები, ზრუნვა, წეს-ჩვეულებები, სიურპრიზები…  მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, შვილიც მყავს დიდი, მაინც მთავარ საჩუქარს ყოველთვის მამისგან ველოდი. ის იყო ადამიანი, რომელსაც არაფრისგან შეეძლო დღესასწაულების შექმნა. თებერვალში სამი წელი სრულდება მისი გარდაცვალებიდან. მის არყოფნას განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში ვგრძნობ…

ჩემი და ტიპური დედაა, ოთხი შვილი ჰყავს, დიასახლისია, ქალი, რომელიც ყველას გვივლის, მამაჩემის ფუნქცია კი მე ვიტვირთე, ვცდილობ, ყველას საჩუქრები მოვუმზადო, პროდუქტები მოვიმარაგო. ასეთ დროს ვამაყობ, რადგან ნაწილობრივ შევძელი მამაჩემის შეცვლა. მამას ძალიან ვგავარ. მიხარია, როცა სახლში რაღაც მიმაქვს, შეტანის იქით არც არაფერი ვიცი და არც მავალია (იღიმის). მე სახლის მორთვისა და სუფრის გაშლის „დირექტორი“ ვარ.

ნაძვის ხეს ტრადიციულად 31 დეკემბერს ვაწყობდით, გვქონდა ჭრელი სართავები. ჩემი და შვეიცარიაში ცხოვრობდა და ახალ წელს სტუმრად ჩამოდიოდა, ჩამოჰქონდა ძალიან ლამაზი სათამაშოები.

წელს ყველაფრის შეცვლა გადავწყვიტე, მთელი თვე თეთრ სათამაშოებს ვყიდულობდი და მინდოდა, ბარბალობას ამეწყო ნაძვის ხე. ჩემმა დამ მითხრა, მთელი ცხოვრება ყველაფერში უკუღმართი ხარ, სულ ჭრელი ნაძვის ხე გაქვს და ახლა, როცა მაიმუნის წელია და რაც შეიძლება ჭრელი ნაძვის ხე უნდა გვქონდეს, შენ თეთრი მოინდომეო. ამ „სიბერეში“ შევამჩნიე, რომ რაც ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა დააწესეს და არ შევასრულე, ცხვირი წავიტეხე. ამიტომ გადავდე ეს თეთრი სათამაშოები გვერდზე, მხოლოდ რამდენიმე გამოვიყენე და ისევ ჭრელი ნაძვის ხე დავდგი.

ზოგადად, ესთეტი ვარ, მასულდგმულებს მუსიკა და სილამაზე. რაც შეეხება გულს, მთავარია, ჩემ გვერდზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიყვარს და ვუყვარვარ. ადრე თუ შემეძლო ყველანაირ ადამიანთან ურთიერთობა, ყველაფრის მოთმენა, ყველაფერზე ღიმილი, დღეს მინდა ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს, მინდა ვუსმენდე იმას, რაც მომწონს და ვუყურებდე მას, რაც სიამოვნებას მანიჭებს… ასე ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან ღვინის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ვარ, ასევე მომღერალი და მიწევს უამრავ ადამიანთან ურთიერთობა…

საინტერესოა, როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ბევრი იცნობს და საკუთარი წარმოდგენა აქვს შექმნილი მასზე

უნდა ისწავლო ისე ცხოვრება, რომ ასეთ რაღაცებს ყურადღება არ მიაქციო. ბევრჯერ მიტირია, ღამეები მითენებია, როცა გამიგია, რას ამბობდნენ ჩემზე. ძალიან მოქმედებდა ის, რომ ამ ქვეყანაში ყველამ „იცის“  შენი პირადი ცხოვრების დეტალები. უამრავჯერ, ჩემი ისეთი მეგობრებისთვის, როგორებიც არიან ნატო მეტონიძე, ზუზუ, ნიკა მემანიშვილი, უთქვამთ ჩემზე ისეთი რამ, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ნატოს ატირება არც ისე რთულია და ბოლოს, როცა ვერ დაუმტკიცებია, ატირებულა, ჩემი ლიზა ასეთი არ არისო. ნატოს სულ ვეჩხუბები და დავცინი, რომ ასეთ რაღაცებს ყურადღება არ მიაქციოს.

სხვათა შორის, მე და ნატო ხშირად ვეშლებით ერთმანეთში. ამას წინათ მანქანის დეტალის შესაძენად შევიდა მაღაზიაში, ეძვირა და ეს აღნიშნა, უპასუხეს, რადგან ლიზა ხართ ბაგრატიონი, დაგიკლებთო (იცინის). ჩემზეც ხშირად უთქვამთ, აი, ნატო მეტონიძეო.

საუკეთესო ახალი წელი გაიხსენეთ

13 წლის რომ ვიყავი, გადმოვედით იმ სახლში, სადაც ახლა ყველა ერთად ვცხოვრობთ, დეკემბერი იყო და დედ-მამამ ახალსახლობა და ახალი წლის აღნიშვნა დაამთხვიეს. უამრავი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანი დაპატიჟეს.მე ასეთ წრეში გავიზარდე, დედას ამის გამო ხშირად ვსაყვედურობ, რატომ გამზარდეს ისე, რომ ყველა კეთილი მეგონა. ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლება, ადამიანი ბოროტ ზრახვებს ატარებდეს, ფეხს უდებდეს და შურდეს სხვების… არ მაქვს სოციალური ქსელი და ეს პრინციპული პოზიციაა, მაქვს მხოლოდ სოციალური გვერდი, ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ. ამდენი ნეგატიური ინფორმაციის კითხვის თავი არ მაქვს.

რას ისურვებდით ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის რამე თუ გაქვთ სანატრელი?

პირველი, რასაც ვაკეთებ, როცა ეკლესიაში შევდივარ, ყველა წმინდანს ვთხოვ, დაუბრუნდეს ჩემს ქვეყანას სიყვარული. ამის ნაკლებობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში. მინდა, ქართული საზოგადოება იყოს უფრო მომთხოვნი და იმ ადამიანებმა, ვისაც დღეს რაღაცის კეთება შეუძლია და თანამდებობა აქვს, იფიქრონ ხვალინდელ დღეზე და საკუთარ შვილებზე, მაშინ ჩემი შვილიც უკეთეს საქართველოში იცხოვრებს.

მინდა, ჩვენს ქვეყანაში კლასიკური მუსიკა და კულტურა აღზევდეს, ღირებული არ გვერეოდეს ერთდღიანში, შვილები ლაღ ქვეყანაში გაიზარდონ და იყვნენ ჯანმრთელები. ჩემი აზრით, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი კულტურა და სპორტი იქნება, სოფლის მეურნეობასთან ერთად. მჯერა, რომ ახალგაზრდები ბევრ რამეს შეცვლიან, რადგან ახალი თაობა ჩვენგან ძალიან განსხვავდება და ბევრად უკეთესია.

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „თბილისი მარიოტი“ 

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები