LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: „საკუთარ თავს ვეუბნები, რომ არავინ შემიყვარდეს!..“

303

ნუცა ბუზალაძეს „ჰარდ როკ კაფეში“ შევხვდით, სადაც სასიამოვნო გარემოში მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ. ვისაუბრეთ როგორც საახალწლო, ასევე არასაახალწლო გეგმებზე. მომღერალმა გაგვიმხილა ისიც, რომ ჯერჯერობით საკუთარ თავს შეყვარება აუკრძალა, რადგან კარიერაზეა ორიენტირებული. ნუცა საზღვარგარეთ აპირებს სწავლის გაგრძელებას.

როგორია შენთვის ახალი წელი?

ნუცა:

ჩემთვის ჯადოსნური დღესასწაულია. ახალი წელი რომ მიყვარს, ისე არც ერთი დღესასწაული არ მიყვარს. გარეთ რომ გავდივარ და ვგრძნობ, ესეც ძალიან მომწონს, მაგრამ თბილისში ისე ძალიან არ იგრძნობა… ყოველ ახალ წელს, რასაც ჩავიფიქრებ ხოლმე, იმ წელს აუცილებლად მიხდება. აუხდენელ და არარეალურს არაფერს ჩავიფიქრებ ხოლმე, მაქვს სურვილი, ყოველ წელს განვვითარდე და ასეც ხდება.

ძალიან მიყვარს საჩუქრები, ზოგადადაც და ახალ წელს, მით უმეტეს. ახალი წლის ღამეს არა, მეორე დღეს ვხსნით საჩუქრებს. დეიდაჩემი სტამბოლში ცხოვრობს და სულ იქ ვხვდებოდი ძირითადად ამ დღესასწაულს. იქ ჩამოგვიყალიბდა ასეთი ტრადიცია.

წინა წელს მე და ნოდიკო ახალ წელს ბენზინგასამართ სადგურზე შევხვდით, ნოდიკოს ახალი მანქანით ვიყავით და ბენზინი აღარ გვქონდა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალიდან გავრბოდით საახალწლო კონცერტზე… ერთ ახალ წელს სტამბოლიდან მოვფრინავდი და იქ ჩავრჩი, ყველა კონცერტი გამიუქმდა, რადგან ქარბუქი იყო და ვერ გამოვფრინდით. 3 იანვარს ძლივს ჩამოვაღწიე. წელს, საირმეში ვიქნები, იქ კონცერტი მაქვს და თან, ოჯახთან ერთად დავისვენებ.

ეს წელი კარგად დაგამახსოვრდა?

ახლა მივხვდი, რომ გავიზარდე და პატარა გოგო აღარ ვარ. ის თვისებები, რაც ორი წლის წინ მქონდა, აღარ მაქვს. როგორც გოგო, უფრო დავიხვეწე, ჩამოვყალიბდი, სტილი მოვძებნე, დასახვეწი კიდევ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ პროგრესი იგრძნობა.

ამ წელს ჩემს ცხოვრებაში გადავდგი განსხვავებული ნაბიჯი, თურქულ „ვოისში“ მონაწილეობა და გამორჩეული პერიოდი იყო. სიმღერაც ჩავწერე თურქეთში, პროდიუსერის შემოთავაზება, ხუთწლიანი ხელშეკრულება არ მაწყობდა და აღარ დავთანხმდი იქ კარიერის გაგრძელებას. მინდა, უცხოეთში მივიღო მუსიკალური განათლება, ამიტომ ხანგრძლივი კონტრაქტი არავისთან მაწყობს.

მსურს, მიუზიკლში ვცადო ბედი. სულ მინდოდა, თან მეთამაშა, თან მეცეკვა და მემღერა. ამოჩემებული არ მაქვს, რომ მაინცდამაინც ბროდვეიზე მოვხვდე, კინოში რომ გადამიღონ, მიუზიკლში, ძალიან დიდი სურვილი მაქვს.

ძალიან პრაქტიკული ადამიანი ხარ…

კი, მაგრამ რაც კი საუკეთესო მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი დაუგეგმავია, ამის მიუხედავად, სულ მაქვს მიზნები.

შენი შემოსავლებით თუ ინახავ თავს?

16 წლიდან ფინანსურად არავინ დამხმარებია. ყველაფერს, რაც მინდა, თავად ვყიდულობ. თავად ვიფინანსებ თავს, თუკი სადმე წასვლა მინდა. თუკი ვინმეს რაიმე სჭირდება, ვეხმარები, რითაც შემიძლია. ვფიქრობ, ბედნიერი ადამიანი ვარ, გამიმართა პროფესიის გამო, ადრეული ასაკიდან ჩემი შემოსავალი მაქვს. გამიმართლა იმიტომაც, რომ იურმალაშიც დიდი თანხა მოვიგე. გარდა ამისა, ჭკვიანურადაც უნდა იცოდე ფულის შენახვა, დახარჯვა და გამოყენება. დედაჩემი გაგიჟებულია, ასეთი პრაქტიკული ვის დაემსგავსეო (იცინის).

2016 წელი პირად ცხოვრებაში ცვლილებებით არ აღინიშნა?

არ მინდა, პოპულარული გავხდე პირადი ცხოვრებით. მეც შემიძლია ბევრი ისტორიის მოყოლა, მაგრამ არ მაქვს ამისი სურვილი. არ მინდა, ჩემი გრძნობები ვიღაცის სალაპარაკო გახდეს. შეიძლება, ისიც არ მესიამოვნოს, თუკი იტყვიან, რა აცვია, რა ახურავსო და პირადზე, მით უმეტეს. მირჩევნია, არავინ იცოდეს, ვინ მომწონდა ან ახლა ვისთან მაქვს ურთიერთობა. ეს უნდა იცოდნენ დედაჩემმა და ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა.

პირად ცხოვრებაში სერიოზული მიზნები არ მაქვს. ჯერ არ მინდა გათხოვება და შვილების გაჩენა. რაც უნდა შეგიწყოს ხელი მეორე ნახევარმა, შენ ხომ გაქვს შენი პასუხისმგებლობა? მირჩევნია, მივაღწიო იმას, რაც მსურს და როცა ბედნიერი ვიქნები და კარიერას ავიწყობ, მერე ვიფიქრო გათხოვებაზე.

როგორ ფიქრობ, პოპულარულ გოგონებს არ უჭირთ პირადი ცხოვრების აწყობა?

ასე პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან რთულია. სულ ყურადღების ცენტრში ხარ, შეიძლება, კონცერტის შემდეგ კომპლიმენტი გითხრან, ინტერნეტში რაღაც დაწერონ… არ მჭირდება ზედმეტი სანერვიულო, თავის ტკივილია და არ მინდა ასეთი ურთიერთობები, რომ ვიღელვო, ჩემმა მეორე ნახევარმა არ გაიგოს, ვინ რა კომპლიმენტი მითხრა და სადმე არ გამიშვას.

ეტყობა, იმდენად მაქვს ტვინში ჩადებული, რომ არავინ უნდა შემიყვარდეს, ასეც გამოდის!.. არ მინდა, რომ ვინმე შემიყვარდეს. თავს ვუმეორებ, არ შეგიყვარდეს, არ შეგიყვარდეს… (იცინის).

წარმოგიდგენია, როგორი იქნები 10 წლის შემდეგ?

რაღაცის ბიზნესი მექნება აუცილებლად. წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მაინც მგონია, ისეთი ქალი ვიქნები, რომ გიყურებენ და ვერ გამოიცნობ, რას ფიქრობენ. ყველაფერი გამიზნული და ნაფიქრი რომ აქვთ. მინდა, ვიყო ძალიან საქმიანი!.. ამას მივეჩვიე ბავშვობიდან, დედას იმდენად დატვირთული ვიყავდი, რომ აქტიური ცხოვრების წესის გარეშე არ შემიძლია გაძლება. დეპრესია მეწყება, ორი დღე გადაბმულად სახლში თუ ვიქნები.

მინდა, გავაკეთო ისეთი რამ, რითაც მსოფლიო გამიცნობს, ეს იქნება კინო, სიმღერა თუ სხვა რამ. მგონია, რომ ადამიანი ბედნიერ ვარსკვლავზე ან იბადები, ან – არა. მე მგონია, რომ შემიძლია ბევრი რამის გაკეთება. რისკიანი ვარ, მქონია რთული პერიოდებიც, მაგრამ ფეხზე წამოდგომა ვიცი… „ვოისში“ მქონდა ამბიცია, რომ ფინალში უნდა ვყოფილიყავი და ეს ამბიცია არ უნდა მქონოდა. ამან ძალიან უკან დამხია. რომ გამოვვარდი, მქონდა დეპრესიული პერიოდი, მინუსებს ვეძებდი საკუთარ თავში, ამან გამაჩერა, აღარ მინდოდა სიმღერა… კარგია ესეც, შემდეგში თუ დამემართება ასეთი რამ, აღარ მოვიქცევი ასე. ეს გაკვეთილიც მივიღე. ბევრი რამ ვისწავლე, ჯერ სად ვარ, მაგრამ ჩემს ასაკთან შედარებით უკვე ვნახე რაღაცები. ზოგადად, ცხოვრება ძალიან მაინტერესებს. შეცდომებიც მაინტერესებს, რასაც დავუშვებ (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „ჰარდ როკ კაფე თბილისი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები