„მხოლოდ ქართულის“ ორი ლაივშოუს გამარჯვებული საბა კემულარია გახდა. მან ტელეპროექტის მაყურებლის მხრიდან ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა. საბამ თავისი შარმის წყალობით უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. ჩვენთან ინტერვიუში მომღერალმა თქვა, რომ თაყვანისმცემელთა მხრიდან ასეთ აქტიურობას ელოდა. 27 წლის საბა კემულარია საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანია. როგორც გვითხრა, ბოლო ლაივზე გამოჩნდა, რომ კონკურენცია საკმაოდ გააქტიურებულია…
„მხოლოდ ქართულის“ გამორჩეულ მონაწილეს სასტუმრო „კოსტეში“ შევხვდით, სადაც ბევრ თემაზე გულწრფელად გვესაუბრა.
ორი ტურის ლიდერი ხარ. ეს შენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე მოქმედებს? ელოდი?
საბა კემულარია:
შეიძლება ითქვას, რომ ველოდი, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მყავდა, ვინც წარმატებები ვისურვა. როცა ლიდერი გავხდი, ძალიან გამიხარდა, რომ ბევრმა ადამიანმა დამითმო თავისი ცხოვრების ძვირფასი წუთები, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირა. ბედნიერი და მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის!..
საკმაოდ თავდაჯერებული ყოფილხარ…
უფრო რეალისტი (იღიმის).
„მხოლოდ ქართულამდე“ როგორ მიხვედი?
ჩემი მონაწილეობა სრულიად უცბად გადაწყდა. მეგობარმა მითხრა თბილისის კასტინგის წინა დღეს. ამ ყველაფერს თავისთავად ახლდა ღელვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ვმღერი – ვარ ანსამბლ „შავნაბადას“ წევრი, ასევე ჯგუფ „ალილოში“, მიმღერია კაპელაში და სხვადასხვა ჯგუფში, ვგალობ ქაშვეთის ტაძარში… სოლომომღერლად აქამდე ბედი დიდ სცენაზე არ მიცდია.
გიჭირს?
მარტო სცენაზე დგომა უჩვეულოდ მომეჩვენა და მიჩვევა მომიხდა. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, მისი მუსიკალური ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძიდან დაწყებული, ჯგუფ „ნიუტონით“ დამთავრებული, ჩემთვის ყველა ნაცნობი იყო, ამიტომაც მათი დახმარებით, შეგუება გამიადვილდა.
კონკურენცია როგორია?
თავიდანვე სხვა კონკურსანტებს დავუმეგობრდი, დღესაც ვმეგობრობთ, მაგრამ ამ ლაივშოუზე კონკურენცია ცოტათი იგრძნობოდა, რადგან ერთმა მონაწილემ უკვე დატოვა პროექტი. ეს გამიჭირდა თავიდან, რადგან კონკურსში მონაწილეობა არასდროს მიმიღია და ჩემთვის ეს ყველაზე უჩვეულოა.
ჟიურის წევრების შენეული დახასიათება როგორია?
ძალიან კარგები არიან!.. რა შემიძლია ვთქვა? მათგან ობიექტურობას ველოდები ხოლმე. თავიდან მეშინოდა და რისკიც იყო ამ პროექტში მონაწილეობა, ჩემი ნიშა, ასე თუ ისე, ნაპოვნი მქონდა… თუკი იქნებოდა შეფასება, რომელიც მცირედად მაინც შეურაცხყოფდა ამ ყველაფერს, ჩემთვის მძიმე აღმოჩნდებოდა, თუმცა ნორმალურად ჩაიარა კასტინგმაც და ახლაც ყველაფერი კარგად მიდის…
ვერსიებზე რას ფიქრობ? ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგიც აკრიტიკებს…
ზვიად ბოლქვაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, რომელიც ქმნის თანამედროვე ქართულ მუსიკას. მას დიდი პატივს ვცემ, ზოგიერთი მისი არანჟირება შესაძლოა, მასისთვის რთულად აღსაქმელი იყოს, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. არ მომწონს დამოკიდებულება, რომ როცა ადამიანი რაღაცას ვერ აღიქვამს, მას ცუდს არქმევს…
შენთვის რთული იყო ახალ ვერსიებზე მორგება?
მუშაობამ მომიწია. ბევრი ვიმუშავე და ვფიქრობ, გამომივიდა.
სიმღერა რომ გიყვარს, გავიგეთ… ამის იქით როგორი ხარ?
ქართული სიმღერა და გალობა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე ცხოვრება. სიმღერის გარეთ – დავამთავრე ტურიზმის მენეჯმენტის ბაკალავრიატი, გახლავართ საჯარო მმართველობის მაგისტრი, ასევე დავამთავრე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა.
პოლიტიკაში აპირებ ძალების მოსინჯვას?
შეიძლება… დაშვებას ვაკეთებ. ეს სფერო მაინტერესებს. თუ ვიქნები აუცილებელი რაღაც მოვლენებისთვის და დადგება ამის დრო, ჩემი თავი წარმომიდგენია საკანონმდებლო ორგანოში, თუკი ძალიან ამბიციურ განაცხადად არ ჩამითვლით (ითმის).
თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?
კალათბურთი მიყვარს ძალიან, ვთამაშობდი სამი წელი, მაგრამ ჩემგან დიდი კალათბურთელი ვერ დადგებოდა, ასე რომ, ჰობიდ იქცა (იღიმის). თუკი ჰობიდ შეიძლება ჩავთვალოთ, ძალიან ვმეგობრობ წიგნებთან.
ბოლოს რა წაიკითხე?
ინდოელი მწერლის წიგნი, რომლის ავტორიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ინდოეთში გასტროლზე გახლდით და დავინტერესდი მათი კულტურით. დაბრუნებულმა ინდოელი მწერლების რამდენიმე წიგნი შევიძინე და თავისუფალ დროს ვკითხულობ, ასევე ვუსმენ მუსიკას, ძირითადად, კლასიკას.
როგორი ქალი ჯდება შენს გემოვნებაში?
ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ოჯახს, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ოჯახი… ასევე ქალი უნდა იყოს ყურადღებიანი და მზრუნველი.
ყოფილა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ამბავი?
ბევრი რამ ყოფილა, მაგრამ რაღაც რომ შეეცვალა, ცუდად დამთავრებულიყო ან ძალიან კარგად, ასეთი არ ყოფილა.
ისევ პროექტს დავუბრუნდეთ, რას ელოდები მისგან? აშკარაა, რომ გამარჯვებისკენ ისწრაფვი…
ჩემი მთავარი მიზანი, როცა „მხოლოდ ქართულში“ მოვდიოდი, გამარჯვება არ ყოფილა. ჩემთვის მთავარი იყო, დამენახა, როგორი რეაქცია იქნებოდა ჩემს გამოჩენაზე. როცა დავინახე, ბევრ ადამიანს როგორ ვუყვარვარ და მგულშემატკივრობს, ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასი იყო და არის.
ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, თუ ძალიან ამბიციურად არ ჟღერს – ადამიანი, ცოტათი ხანში შესული ან ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდა ჩართავდა „რუსთავი 2“-ს, ყოველ ორშაბათს, ათ საათზე და შეხედავდა ეკრანს, ეთქვა, რომ ჩვენ არ გადავშენდებით, იმიტომ, რომ გამოდის ახალგაზრდა, წვერით, გალობს, მღერის ფოლკლორულ ანსამბლში, სწავლობს, ქართველია… მინდოდა, პოზიტივი და იმედი შემომეტანა. ძირითადად, ასეთი მოსაზრებები დამკვიდრდა – „ოღონდ აქედან წამიყვანა“, „რა ცუდია, საქართველოში რომ დავიბადე“ და ა.შ., რაც ჩემთვის ცუდი მოსასმენია. დადგა დრო, რომ კულისებიდან გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც მართლაც ქართულშია ბოლომდე და მომავალს იმედიანად უყურებენ. მეც ჩემი თავი შევიყვანე ამ კატეგორიაში და ამბიციად ნუ ჩამომართმევთ…
შოუბიზნესში შენს ადგილს ხედავ?
არ ვიცი… შეიძლება, გავხდე მისი ნაწილი (იღიმის).
გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია