LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ნოემბრიდან ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნებას 14 დღის ვადაში შეძლებთ – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა და ვინ დაიცავს მომხმარებლის უფლებებს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

96
გაყიდული ნივთის დაბრუნება

1-ლი ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყება.

ის მომხმარებელსა და საქონლის მიმწოდებელს შორის ურთიერთობას არეგულირებს. მაგალითად, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს.

რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნესსუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ბიზნეს სუბიექტი ასევე ვალდებული იქნება, პროდუქტზე მიუთითოს ამის შესახებ ინფორმაცია:

დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, აქვს თუ არა ნივთს გარანტია, მითითებული ფასი მხოლოდ პროდუქტისაა თუ მასში მონტაჟი ან გადაზიდვაც შედის და ა.შ.

კიდევ რა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონი და როგორ აღსრულდება ის?

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ირაკლი ლექვინაძე – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე საუბრობს. 

 

 

– ირაკლი, საკმაოდ აქტიური კამპანია გაქვთ. ცდილობთ,  უფრო მეტ მომხმარებელსა და ფართო საზოგადოებას გააცნოთ ის კანონი, რომელიც პირველ ივნისს მიიღეთ და რომელიც პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. პირველ რიგში უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რისგან დაიცავს მომხმარებელს ეს კანონი?

– ჩვენ უკვე აქტიურად ვხვდებით სექტორს, ინფორმაცია სიახლის შესახებ აქვთ, კანონი ძალაშია პირველი ივნისიდან, მაგრამ არის ბევრი შინაარსობრივი საკითხი, რომელიც ჩვენგან განმარტებებს ითხოვს და ამიტომ ამ კუთხით აქტიური შეხვედრები გვაქვს.

ვხვდებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს და ალბათ მოქალაქეებთანაც აქტიურ კომუნიკაციაში გადავალთ აღსრულების დაწყების შემდგომ.

კანონი საქართველოსთვის ახალია. აქამდე მხოლოდ გარკვეულ სექტორებში ხდებოდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საბანკო და ენერგეტიკის სექტორში კომუნიკაციისა თუ დაცვის მიმართულებით.

სხვა დანარჩენი საკითხები ღია იყო. იყვნენ კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ შიდა სავაჭრო პოლიტიკა და წინასწარ უხსნიდნენ, რაც წუნდებული პროდუქციის უკანნ დაბრუნების წესს ეხებოდა.

თუმცა ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მსგავსი რამ არ ხდებოდა და მოქალაქე, რომელიც თვლიდა, რომ მისი უფლება შეილახა, სჭირდებოდა სასამართლოში წასვლა, რომ დარღვეული უფლებები აღედგინა.

ახალი კანონი ფარავს ყველა მიმართულებას. მომხმარებელს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლება.

ეს ეხება ონლაინ შესყიდვების დროს განხორციელებულ აქტივობებსსაც და ფიზიკური ვაჭრობისას შესყიდულ სხვადასხვა აქტივობებსაც.

განსხვავება ამ ორს შორის არის ის, რომ ონლაინ შესყიდული პროდუქციის დროს მოქმედებს 14 დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა, როდესაც მოქალაქეს შეუძლია, მიღებული პროდუქტი, ამ ვადაში უკან დააბრუნოს, თუ ის აღმოაჩენს, რომ რეალურად, რაც ნახა ონლაინ, ის პროდუქტი არ მიიღო და განსხვავებულია ფერით, შინაარსით თუ აღწერილობით.

ფიზიკურ ვაჭრობას რაც შეეხება. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ მოვაჭრე ვალდებულია, რომ პროდუქტის გაყიდვის დროს დეტალურად აუხსნას მყიდველს პროდუქციის შინაარსი, უკან დაბრუნების წესი და საგარანტიო პირობები.

აღნიშნული კანონი არეგულირებს უსამართლო კომერციულ პრაქტიკას და არასწორი ინფორმაციის მიწოდების საკითხებს, როდესაც აგრესიული რეკლამისგან შეიძლება მომხმარებელი შევიდეს შეცდომაში.

ვფიქრობ, რომ ეს კანონი მომხმარებლის უფლებებს საკმაოდ მაღალ დონეზე აყენებს. პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში არსებობს და მორგებულია ადგილობრივ რეალობაზე.

საკითხები ძალიან ბევრია, რომელსაც გავდივართ ბიზნესთან ერთად. მომსახურება ფაქტობრივად ერთმანეთისგან განსხვავებულია. მთავარი შეკითხვები მაინც მოდის ონლაინ შესყიდვების დროს უპირობო დაბრუნების თემაზე. როდესაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ამ პროდუქტის უკან მიღება უნდა მოხდეს.

თუმცა ჩვენ ვამბობთ და კანონიც განსაზღვრავს, რომ ეს არაა მყიდველის აბსოლუტური და განუსაზღვრელი უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს ეტყობა მოხმარების კვალი და ის არაა თავდაპირველ მდგომარეობაში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ პროდუქტის დაბრუნება არ იყოს უპირობო.

პრაქტიკა აჩვენებს ასეთი საკითხები როგორ გადაიჭრება.

– აღსრულების ნაწილზე მინდა, გკითხოთ. როგორც ვიცი, გეყოლებათ ახალი თანამშრომლები, რომლებიც რეალურად გააკონტროლებენ მის აღსრულებას. ხომ არ შეიქმნება პრობლემები? რამდენად მოხდება აღსრულება და ვინ გააკონტროლებს?

– ჩვენ უკვე გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი, სადაც მომუშავე ადამიანები  ევროპარტნიორებთან ერთად ტრენინგებს გადიან და ევროპულ პრაქტიკას ეცნობიან.

წინასწარ არაფრის კონტროლი არ მოხდება, უბრალოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე და მომხმარებელი ერთმანეთში ვერ მორიგდებიან პროდუქციის უკან დაბრუნებაზე და წუნდებული პროდუქციის გამოცვლაზე, მომხმარებელს უფლება ექნება, რომ განაცხადით მოგვმართოს და ეს განაცხადი განხილული იქნება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ.

საჩივრის განხილვა დადგენილი პროცედურებით და ვადებით მოხდება.

საჩივრის მიღებიდან ერთ თვეში, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რეალურად დარღვეულია თუ არა მომხმარებლის უფლება.

თუ საკითხი რთულია, შეიძლება პროცესი სამ თვემდე გაგრძელდეს (ერთი თვე იქნება ოპტიმალური ვადა). თუ დარღვევა დადგინდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვაჭრეს პირდაპირ ვეტყვით, პირველ ეტაპზე ვაფრთხილებთ და ვეუბნებით, რომ დარღვევა ფიქსირდება და ვთხოვთ, მის აღმოფხვრას გონივრულ ვადაში.

თუ ეს საკითხი არ აღმოიფხვრება, მხოლოდ ამის შემდგომ არის საუბარი საჯარიმო სანქციებზე.

აქაც ერთი ნიუანსიცაა. საკითხი უნდა ეხებოდეს მომხმარებელთა კოლექტიურ ინტერესებს.

მოქალაქე, რომელიც მოვა კონკრეტული საკითხით ჩვენთან, ეს უნდა ეხებოდეს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ უნდა ვრცელდებოდეს ჯგუფზე.

პირობითად, წუნდებულია პარტია, რომელიც ერთმა ადამიანმა აღმოაჩინა, თუმცა მსგავსი ტიპის პროდუქციის შემსყიდველი შეიძლება ყოფილიყო ბევრი ადამიანი.

თუ საკითხები დადგება ისე, რომ ბევრ მოქალაქეს შეიძლება შეეხოს, საკითხი ჩვენი განხილვის თემა იქნება.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს დაგვიჭერენ, შევქმნით კარგ პრაქტიკას და ამაში, რა თქმა უნდა, ბიზნესის თანამშრომლობა და გვერდით დგომა გვჭირდება, რადგან ერთობლივად მოვახდინოთ ძალიან ბევრი საკითხის განმარტება და პრაქტიკის დაგროვება, იმისათვის, რომ სამომავლოდ გვქონდეს სამოქმედო გაიდლაინები.

როგორ ვმუშაობთ კონკრეტულ თემასთან მიმართებით. ამას მოიტანს პრაქტიკა. ასე წყდება საკითხები თითოეული ქეისების მიხედვით ევროპაშიც და კარგია ისიც, რომ გვყავს ევროპელი კონსულტანტები, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარებიან.

– რამდენადაც ვიცი, ბიზნესი კანონს იცნობს. როგორ შეხვდნენ ისინი ამ კანონს. ზოგადად არ უყვართ ხოლმე დამატებითი რეგულაციები..

რა წუხილი ჰქონდათ მათ და როგორ გაითვალისწინეთ მათი აზრი?

– ზოგადად ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ახალი რეგულაცია, რა თქმა უნდა, დამატებითი ხარჯია ყველა ბიზნესისთვის. ეს ბუნებრივია ასეა, თუმცა მეორე მხარეს დგას მყიდველისა და მომხმარებლის ინტერესი.

დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ეს კანონი იხილებოდა  საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის მიერ, ძალიან ბევრი პლატფორმა გაიარა.

 ბიზნესთანაც იყო შეხვედრები და  დამუშავების პროცესში ძალიან ბევრი კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუნდაც ჯარიმებთან მიმართებით, თუნდაც გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებით, 14 დღიან დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთან მხოლოდ ონლაინ გაყიდვებს ეხება. ბევრ ქვეყანაში ასეთი კანონი გაყიდვების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას ეხება.

ძირითად საკითხებზე ვფიქრობ, რომ გარკვეული კომპრომისები არის. ახლა უკვე მთავარი ამბავი არის ის, როგორ მოხდება აღსრულება სექტორების მიხედვით.

შეიძლება პრაქტიკამ აჩვენოს, რომ ცვლილებები აუცილებელია. ბუნებრივია, საკითხს დავამუშავებთ და პარლამენტთან  მსგავსი ტიპის ცვლილებებზე ვიმუშავებთ.

თუმცა გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ ამ პროცესამდე მივიდეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები