LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“ – დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, სამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ

126
გივი წულეისკირი

პროკურატურამ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავა, „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ განაცხადა, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

„თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ ,,სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ,,სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს ,,სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი – ,,სფერო ინვესტი“, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.

გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, ,,სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ,,უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. ,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები, კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.

გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, ზემოაღნიშნული ხერხით, 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g