2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„თურქეთში ცხოვრების დროს გარდაცვლილი გიორგი დურული არაფერ კავშირშია ჩემთან ან გურიკას პოვნასთან.
გთხოვთ, პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახს. ჩემი ერთადერთი სურვილი შვილის პოვნაა, რაც არ უნდა ეცადოთ ჩემს გაშავებას, ღმერთი ხედავს, რომ მართალი ვარ! მე, პირადად, ბოდიშს ვუხდი მის ოჯახს იმის გამო, რომ 12 წლის ტკივილს შეეხნენ“, – წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
