რესტორან “8 ნომერში” ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით 15 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი “ისტორიას დარჩება!” გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი “ავტოგრაფი”.
ფონდ “ავტოგრაფის” დამფუძნებლის გიგა კობალაძის ინფორმაციით, სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება – ჰოლოგრამა მომზადდა, რაც მაყურებელს მუსიკოსის სცენაზე ნახვის საშუალებას მისცემს.
“ამ კონცერტის მთავარი ინტრიგა გახლავთ ის, რომ საქართველოში პირველად დამზადდა ჰოლოგრამა – 3D გამოსახულება, რომლის საშუალებითაც თავად ირაკლის მიერ საკუთარი ჰიტის შესრულება მოხდება,” – აღნიშნა გიგა კობალაძემ.
კულტურის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსის გიორგი აფციაურის თქმით, კონცერტი განსაკუთრებული იქნება: ” ვფქირობ, კონცერტი განსაკუთრებული, განსხვავებული და დასამახსოვრებელი იქნება ირაკლის ყველა თაყვანისმცემლისთვის და მაყურებლისთვის. სამინისტრო მოხარულია, რომ ამ კონცერტს მხარს უჭერს”, – განაცხადა გიორგი აფციაურმა.
კონცერტში მონაწილეობას ნიაზ დიასამიზე, პეჩო, უცნობი, “ვაკის პარკი”, ნიკა კაჩაროვი, დათო ევგენიძე, ეკო დეისაძე, Sophie Villy, LOUDspeakers-i, The Window, The Mins, Kung Fu Junkie, MAO, კაკადუ, Jetbird, ჯერონიმო, ქეთათო და გელა ჩარკვიანი მიიღებენ.
