17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე, 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
დაჯილდოების ცერემონია დახურული ღონისძიებაა, რომელსაც დაესწრება 800-მდე სტუმარი: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნესსექტორი, საერთაშორისო და ადგილორივი მედია.
ღონისძიების დეტალებზე დღეს, 13 დეკემბერს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ:
- მარინა ჩაიკა – Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
- მედეა ჯანიაშვილი- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
- ანდრია ბასილაია – თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი;
- მაია ხაჩიძე- ბიდიო საქართველოს პარტნიორი;
- ზურაბ მასურაშვილი – საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლიბის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა, ხოლო, პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.
საქართველოს ბანკი უკვე ორი წელია პროექტის ოფიციალური სპონსორია და წელს უკვე თანაორგანიზატორის სტატუსით გვევლინება. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შეიმუშავა სამი განსაკუთრებული ნომინაცია: „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“, „მე ვქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში“ და „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“, – ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს.
ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით.
ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია – საქართველოს ბანკი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი- ბიდიო საქართველო!