25 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“-ს ტატო გოდერძიშვილი სტუმრობდა, რომელმაც 2023 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა და ახალი სიმღერა „გამომიგონე“ წარმოადგინა.
ახალი სიმღერის კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია, ტექსტი ირინა სანიკიძე ეკუთვნის, არანჟირებაზე კი, ბორიკო შხიანმა იმუშავა.
ძალიან კარგი წელი იყო. სამჯერ მოვაწყვე გასტროლები საზღვარგარეთ – იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში ჩემს დისშვილთან მარიკა ხვედელიძესთან ერთად. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად შეგვხვდნენ ქართველი ემიგრანტები. სხვათა შორის, დრეზდენში ქართველი მუსიკოსები გავიცანი, რომლებიც ქუჩაში უკრავდნენ, გამოვეცნაურე, ერთ-ერთმა მიცნო და რამდენიმე სიმღერის, მათ შორის O Sole Mio-ს შესრულება მთხოვა. იმპროვიზირებული კონცერტი მოვაწყვეთ ქუჩაში და ადგილობრივების დიდი მოწონება დავიმსახურეთ.

20 კონკურსში გავიმარჯვე, ახლა კი, 21-ში ვმონაწილეობ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყაზახურ „ვოისში“ მონაწილეობა. სიმართლე ვთქვა, თავიდან უარზე ვიყავი, კონკურსების ეტაპი დიდი ხნის წინ გავიარე, ახლა კი, ცოტა დასვენება და ცხოვრებით დატკბობა მინდა, თუმცა საბოლოოდ მეგობრებმა დამითანხმეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნინო შალამბერიძეს, ყაზახური „ვოისის“ წარმომადგენელს საქართველოში, რომელმაც დამარწმუნა კონკურსში მონაწილეობა. მართალია, საქართველოდან 30 მომღერლის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა „გასწიეს“ და მე დამიძახეს. გასულ წელს ექვსი გამოსვლა მქონდა ყაზახეთში, ერთ-ერთ კონცერტზე „ვოისის“ პროდიუსერი გავიცანი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი და სწორედ მისი რეკომენდაციით გაკეთდა არჩევანი ჩემს სასარგებლოდ. ყველა ტურში გავიმარჯვე, ახლა კი ვნახოთ რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს დავაკლებ და ბოლომდე ვიბრძოლებ.
სიმღერა 4 წლის ასაკში დავიწყე, დებიუტი კი, ფილარმონიის სცენაზე შედგა. იქ მომისმინა ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმა, რომელმაც მოგვიანებით ჩემი მშობლები გაიცნო და ანსამბლ „ლახტში“ შემომთავაზა გაწევრიანება. მართალია, უამრავი სირთულის დაძლევა მოგვიხდა, რადგან კვირაში სამჯერ კახეთიდან ჩამოვდიოდი მანქანით, მაგრამ ანსამბლში მუშაობაზე მაინც არ ვთქვი უარი, რაც პირველ რიგში ჩემი მშობლების დამსახურებაა, ამიტომ ძალიან ვემადლიერები. მოგვიანებით, კიდევ რამდენიმე ანსამბლში ვმღეროდი, მერე კი დამოუკიდებლად შევუდექი მუშაობას. საერთო ჯამში 22 კომპოზიტორის 73 სიმღერას მოვუყარე თავი, რომლებიც სპეციალურად ჩემთვის დაიწერა.

ძალიან დატვირთული საახალწლო პროგრამა მაქვს. 30 დეკემბერს სამტრედიაში მივემგზავრები, 31-ში კი, ჯერ რუსთავში მოვაწყობ კონცერტს, მერე მცხეთაში, ბოლოს კი, თბილისში მექნება ორი გამოსვლა. თუ დრო დამრჩა, ალბათ კახეთშიც გავემგზავრები.
ძალიან მინდა ალბომის ჩაწერა და მასშტაბური სოლო კონცერტის მოწყობა. გული მწყდება, რომ კლასიკურ მუსიკას ვუღალატე. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ სწორედ კლასიკური მუსიკა უნდა ამერჩია, რადგან ბევრად მეტი პერსპექტივა მექნებოდა ჩემი ხმის პატრონს, თუმცა ბედს მაინც არ ვუჩივი, რადგან ძალიან მიყვარს ქართული ფოლკლორი და ესტრადა.