LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2014 წლიდან ყველა ჩემი ჩვენებაა გამომძიებელთან და იგივე აქვს თავად სოფოს ჩემგან მოსმენილი…“ – რას ამბობს გურამ დადიანიძის გაუჩინარებიდან 12 წლის შემდეგ, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი

1173
გურამ დადიანიძის საქმე

გადაცემა „შენი ამბავი“ გურამ დადიანიძის გაუჩინარებიდან 12 წლის შემდეგ, კიდევ ერთ თანმხლებ პირს, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, სოსო ტურაშვილს დაუკავშირდა.

„შენი ამბავის“ ცნობით, მძღოლმა, რომელმაც გურამ დადიანიძე 12 წლის წინ ლომისაში წაიყვანა, უარი განაცხადა ინტერვიუზე და გადაცემის წამყვანს „ესემეს“ შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერია:

„ქალბატონო თაია, საჯარო და სატელევიზიო გამოსვლა არ მსურს… 2014 წლიდან ყველა ჩემი ჩვენებაა გამომძიებელთან და იგივე აქვს თავად სოფოს ჩემგან მოსმენილი, სხვას ვერაფერს დავამატებ თქვენთან საუბარში…“ – წერს სოსო ტურაშვილი „ესემეს“ შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

ვიდეო: „რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“… ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი