2015 წლის დეკემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 418 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ”ფორტუნას” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
რაც შეეხება ამავე წლის წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.6%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (28.4%-ით), ისე მეორადი (24.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი დაფიქსირდა 1.317 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს .
”აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (31.6%-ით), ისე მეორადი (4.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 10 644, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 44 774 ერთეული შეადგინა, ”- განაცხადეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. დეკემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.8%-ს მეორადი, ხოლო 19.2%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის დეკემბერში კი, შესაბამისად, 84.1% და 15.9%).