2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. დღეს პარლამეტში გაიმართა ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 555.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 980.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.3%-ს შეადგენს და 200 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიას.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3,1 მლრდ ლარს შეადგენს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975 მლნ ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 321,4 მლნ ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის – 950 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის – 670 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 595 მლნ ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის – 100 მლნ ლარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის – 153,8 მლნ ლარი, ეკონომიკის სამინისტროსათვის -95 მლნ ლარი.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო სესიაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება.