საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის 2023 წლის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა.
საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 62.5%, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი – 15.3% და ბულგარეთი – 9.4%.
2023 წელს საცალო ბაზარზე 1194 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 378 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვენებელმა შეადგინა 1107 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ბაზრის საცალო დონეზე სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი შეადგენს 50.8%-ს, ხუთი კომპანიის – 66.2%-ს.
საწვავის საცალო ბაზარზე 2023 წლის პირველი ნახევარი ფასების შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი ფასების ზრდის – მსგავსად საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ევროპულ ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი). კერძოდ, წლის პირველ ნახევარში – რეგულარის მარკის საწვავის შემთხვევაში ფასი 1 ლიტრზე 50-70 თეთრით შემცირდა, პრემიუმის შემთხვევაში 50-60 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში აგვისტოს ჩათვლით ფასი შემცირდა 75-90 თეთრით. 2023 წლის მეორე ნახევარში მაქსიმალური ფასი საქართველოში ოქტომბერში დაფიქსირდა, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში სექტემბერში. მაქსიმალური ნიშნულის შემდეგ საქართველოში ფასი შემცირდა, საშუალოდ, 1 ლიტრზე 15 თეთრით.