LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 6 მილიარდ 460 მილიონი ლარია გათვალისწინებული“ – პარლამენტში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ 

216
Untitled design

„2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, 6 მილიარდ 460 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებულ პროგრამებს არ ჩავთლით, ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება თითქმის 80%-ით არის გაზრდილი.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წლის სოციალური პროგრამების თანხის განაწილება სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგია:

• 3 მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის;

• 1 მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის;

• 430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე;

• მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს;

• დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი;

• 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა.

ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ პოსტპანდემიურ პერიოდში 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რის შემდეგაც 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს.

ფინანსთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში ტურიზმის აღდგენაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ტურიზმის აღდგენამ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში. მინისტრის განცხადებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს რეკორდული 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g