კომუნიკაციების კომისიის (ComCom) ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32.3%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბერში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ. შემოსავლების შემცირება იმ ფაქტორსაც უკავშირდება, რომ მაუწყებლები უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა.
2024 წლის მეოთხე კვარტალში ტელევიზიებისთვის სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74.4%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 12.9% – სპონსორობამ, ხოლო 12.7% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა. რადიომაუწყებლებისთვის კი სარეკლამო კომერციული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.9% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 10.1% სპონსორობაზე მოდიოდა.