აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა მკაცრდება.
კანონს, რომლის დამტკიცებაზე თანხმობა სენატმა 23 ივნისს განაცხადა, ჯო ბაიდენმა დღეს მოაწერა ხელი. ის ითვალისწინებს 21 წლამდე ასაკის პირების მკაცრ შემოწმებას იარაღის მიყიდვამდე და კრძალავს ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ხუთი წლის განმავლობაში.
ამასთან, კანონის მიხედვით, მოქალაქეებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დასაფინანსებლად და საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყოფა 15 მილიარდი დოლარი, ხოლო 750 მილიონი დოლარი კრიზისული ინტერვენციის პროგრამების დასაფინანსებლად.
„ეს კანონი არ აკეთებს ყველაფერს, რაც მე მსურს, მაგრამ შეიცავს დებულებებს, რომელთა მიღებას დიდი ხანია მოვუწოდებ, რადგან ისინი იხსნიან სიცოცხლეებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ კანონის ხელმოწერა, აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ბოლო დროს გახშირებული მკვლელობის ფონზე მოხდა. მაისის თვეში ტეხასის შტატის ქალაქ იუვალდეში და ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბაფალოში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 31 ადამიანი მოკლეს.