აშშ-ში დააკავეს 24 წლის მიგრანტი ვენესუელიდან, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ ასაკს მალავდა. ამის შესახებ ABC 13 News წერს.
ენტონი ემანუელ ლაბრადორ-სიერა პირველად ამერიკაში 2019 წლის სექტემბერში ჩავიდა. ნოემბერში მის ვიზას ვადა გასდიოდა და მამაკაცი ვენესუელაში უნდა დაბრუნებულიყო. ამის ნაცვლად მან ყალბი დოკუმენტები იყიდა და მოზარდად დაიწყო თავის მოჩვენება.
ლაბრადორ-სიერამ თავი უსახლკარო ახალგაზრდა ბიჭად გაასაღა, რომელიც სამშობლოში ადამიანებით ვაჭრობას გაექცა და სასამართლოს დახმარებით მეურვეები გაიჩინა. ამის პარალელურად მან საშუალო სკოლაში დაიწყო სიარული. 14 თვის განმავლობაში ის ერთ კლასში სწავლობდა სხვა ბავშვებთან ერთად და მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, თანაც ისე რომ ეჭვიც კი არავის გასჩენია.
ლაბრადორ-სიერას ორმაგი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როცა მის მეურვეებს მისი შვილის დედა დაუკავშირდა. ქალმა მამაკაცის შესახებ სიმართლე გაამხილა. თავდაპირველად მეურვეებმა ეს ყველაფერი არ დაიჯერეს, თუმცა „მოსწავლეს“ ოთახი მაინც გაუჩხრიკეს.
მისი მატრასის ქვეშ აღმოაჩინეს ფული, ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი ტყვიებით, მობილური ტელეფონი და მიჩიგანის შტატის ყალბი მართვის მოწმობა. მასში ეწერა, თითქოს მამაკაცი 1999 წელს იყო დაბადებული. მეურვეებმა ამის შესახებ მაშინვე სკოლას და პოლიციას აცნობეს.
მიგრანტს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.