„ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ზეპარტიული საკითხებია, ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ხვედელიანის განცხადებით, 26 მაისის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის მიუღებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრები და მათთან მუდმივად საუბარი. თუმცა საქართველოს პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხალხის მიერ უნდა წყდებოდეს. ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი მშვიდობიანი ფორმით გადაწყდეს. რაც შეეხება 26 მაისს, ეს ეროვნული დატვირთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ზეპარტიული საკითხებია და ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია. შესაბამისად, 26 მაისის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენი და ჩვენი ხალხის დღეა. მნიშვნელოვანია, თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობა. ხალხთან, მათ შორის, რეგიონებში კომუნიკაცია თუ დაიწყეს, ძალიან კარგია. ისინი თავიანთ გეგმას მიჰყვებიან, მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან დეტალურად მათი გეგმების შესახებ არ ვიცი“, – განაცხადა ხვედელიანმა.
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს და 26 მაისს აქციას აანონსებს
„უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან.“
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.
