LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 წლის გოგომ საკუთარი ხელით კაფე ააშენა და მთელი ოჯახი დაასაქმა

396
ffgggg-2020-11-27-09-32-11-188389

26 წლის მცირე მეწარმე ლიზა სეფაშვილი ბავშვობიდან საკუთარ კაფეზე ოცნებობდა. რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა კაფე ყვარელში, საკუთარი სახლის ეზოში აეშენებინა. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა და კაფემ ფუნქციონირება დაიწყო, დღეს ლიზას კაფე ყვარელში უკვე ყველამ იცის და ადგილობრივი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია.

„კაფე გაკეთებულია ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიერ. კედლები ჩვენი ხელით შევღებეთ, ძველ ავეჯს გავუკეთეთ რესტავრირება და დავდეთ… მოვქარგეთ ფარდები, გავაკეთეთ ნახატები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი სუვენირები, რაც კი სახლში გქვონდა აქ დავალაგეთ და ვეცადეთ, ჩვენი კაფე მაქსიმალურად ლამაზი გამოსულიყო“, – ამბობს მცირე მეწარმე.

ლიზა სეფაშვილის თქმით, მისი თინეიჯერობის პერიოდში, მსგავსი სივრცეები, სადაც მეგობრებთან ერთად წავიდოდა და გაერთობოდა, ყვარელში არ იყო. „ჩემი ოცნებაც სწორედ იმ პერიოდიდან იწყება. ყოველთვის წარმომედგინა, რომ ჩემი კაფე იქნებოდა ხალხით სავსე, იქნებოდნენ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ტურისტებიც და ყველაფერი იქნებოდა ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა არის“, – განმარტავს ლიზა სეფაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლიზას მთელი ოჯახი მის კაფეშია დასაქმებული – დედა ჭურჭელს რეცხავს, მამას პროდუქტი მოაქვს, ბებია ხაჭაპურს აცხობს, ლიზა და მისი და ხალხს ემსახურებიან.

„ყველას ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს კაფის განვითარებაში. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელი წავიდეს კმაყოფილი. გვაქვს როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები. რაც მთავარია ყველაფერი არის ძალიან იაფი, რომ ყველას შეეძლოს მოსვლა და გემრიელად ჭამა. ძალიან კარგი მუშაობა გვაქვს, ჩვენი კაფე გახდა ადგილობრივების თავშეყრის მთავარი ადგილი. კაფის მისამართი ადგილობრივებთან ერთად, ძალიან ბევრმა ტურისტმაც იცის – ასე, რომ მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია. ზუსტად ვიცი, რომ პანდემიის შემდეგ იმდენი სტუმარი გვეყოლება, რომ აუცილებლად გავფართოვდებით“, – აღნიშნავს 26 წლის მცირე მეწარმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები