LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მიზეზი, რის გამოც პომპეო ჩამოდის: შეიყვანს თუ არა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას პარლამენტში

350
3 mizezi

ქართულ პოლიტიკას მნიშვნელოვანი დღეები ელოდება.

„მინდინარე კვირაში, საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში მივემგზავრები“, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ბევრი ვერსია გაჟღერდა, თუ რატომ ჩამოდის ამერიკის გენერალური მდივანი საქართველოში და რას ნიშნავს მისი ვიზიტი ახლა, პანდემიის დროს. რატომ ვართ იმ ექვსი ქვეყნის სიაში, სადაც პომპეო ჩავა?

 

რატომ ჩამოდის პომპეო: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები


ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნასთან“ ამ მიზეზებზე საუბრობს.

როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ევროპაში ვიზიტს ახორციელებს, ტურნეში რამდენიმე ქვეყანა ყოველთვის არის ხოლმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესოა, როდის დაიგეგმა ეს ვიზიტი. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო მოხვდა ამ ჩამონათვალში, ეს რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორით არის განპირობებული.

ტრადიციულად, უკვე ათეული წლებია გრძელდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მათი ყურადღება პროცესებზე, რაც საქართველოს შიგნით მიმდინარეობს, ბუნებრივია.

მეორე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, პომპეო საქართველოში ჩამოდიოდეს, ეს არის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ითქვას, ვითომ დასრულდა, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მთლად ასე იყოს. სამწუხაროდ არ მაქვს ამ მხრივ ოპტიმისტური განწყობა. ვგულისხმობ აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტს. ყარაბაღში მდგომარეობა ჩემი აზრით უფრო გამწვავდა, ვიდრე დარეგულირდა. ჩვენ ყველაზე კარგი გამოცდილება გვაქვს, რას ნიშნავს რუსი სამხედრო-სამშვიდობო ძალების ყოფნა რთულ რეგიონში. რთულ რეგიონებში როგორ შევძელით ჩვენ ჩვენი ინტერესების გატარება, როცა „მშვიდობისმოყვარეები“ იდგნენ, ფაქტი სახეზეა.

ფიქრობთ, რომ ამერიკა შეეცდება, ყარაბაღში საკუთარი ინტერესები საქართველოდან გაატაროს?

ამას არ ვგულისხმობ. მაგრამ რეგიონში არსებული ვითარება რომ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ შეხვედრისას, დარწმუნებული ვარ.  რომ არ ყოფილიყო ყარაბაღში საომარი მოქმედებები, რეგიონში მთავარ პარტნიორად მაინც ჩვენ მივიჩნევით. აშშ-ის მხრიდან რეგიონით დაინტერესება კი მაღალია. ამიტომ ნებისმიერი მარალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ საქართველოს თემებით არ შემოიფარგლება. შეხვედრისას განხილვის თემა ასევე იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნები.

ელით, რომ ოპოზიციას ეტყვის, შევიდნენ პარლამენტში?

დღის წესრიგის მიხედვით, მაიკ პომპეო არ აპირებს ოპოზიციასთან შეხვედრას. მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციისადმი ჰქონდეს თხოვნა, შევიდნენ პარლამენტში და იქიდან განაგრძონ სამართლიანობისთვის ბრძოლა.

მე არ ვუყურებ დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას საგარეო ურთიერთობებს იმ კონტექსტში, რა კონტექსტიდანაც ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს. მაშინ სხვა ვითარება იყო. სხვა ვითარება არის დღეს. ვგულისხმობ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. არამედ ყველა პოლიტიკას, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ვითარდება.

მგონია, რომ პომპეო ოპოზიციას შეხვდება, რადგან სიტუაცია მწვავეა და მისი გზავნილი იქნება ისეთივე, როგორც დღეს აქვს ამერიკის საელჩოს ამ თემასთან მიმართებაში. სახემწიფო მდივანმა შეიძლება მოუსმინოს ორივე წყაროს, მაგრამ მისი ძირითადი წყარო არის ამერიკის საელჩო და არა არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. ანუ არ ველოდები, რომ პომპეო ამერიკის საელჩოსგან რადიკალურად განსხვავებულ განაცხადს გააკეთებს და საელჩო მოგეხსენებათ მოუწოდებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები და პროტესტი ქუჩაში აღარ გაგრძელდეს და მოგვარდეს სამართლებრივი გზებით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ასეთი ვითარებაა ამერიკაში (ამერიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ) მაინც ვალდებულად მიიჩნევსთავს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანსა და ილია მეორეს შეხვდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა მოხდეს.

„სტრატეგია  აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად საპროტესტო აქციებში მიიღოს მონაწილეობა.

„არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა, შეიძლება, რაღაც სიმბოლური ღონისძიება გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების, რაც აბსოლუტურად ჯდება ყველა ფარგლებში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკა ერთგული რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი“.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩამოდის პომპეო საქართველოში, ეს არის ქვეყანაში შექმნილი კრიზისი.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში, არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და შესაბამისად, სახელმწიფო მდივანს ეცოდინება ძალიან კარგად და ჩვენ მათთან ვართ სრულ კომუნიკაციაში, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ისე საელჩოსთანაც და ისე ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას მათ ვაწვდით.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მათ შორის მოიცავს იმ თემებსას, რაც არის დღეს პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები. ამრიგად, საუბარი იმაზე, რომ ეს არის მხარდაჭერა ხელისუფლების და გაყალბებული არჩევნების აღიარება, ეს არის ტყული“, – განუცხადა სააგენტოს სერგი კაპანაძემ.

 

მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

mazda magti 5g