“ასეთი კარგი შანსები საქართველოს 30 წლის განმავლობაში არასდროს არ ჰქონია, რათა ხელახლა დაეყენებინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი,” – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ახლა საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული უნდა იყოს და მაქსიმალურად ეცადოს, მშვიდობიან ფორმატში მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
აფხაზეთის კონფლიქტი აქამდე გაყინული იყო და ოთხმხრივ ფორმატსაც, შეიძლება ითქვას, ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც სასწორი აშკარად აღარაა რუსეთის მხარეს, შეიძლება თუ არა რაიმე ხელჩასაჭიდი დადებითი ვითარება შეიქმნას ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მხრივ?
რუსეთ-უკრაინის ომმა ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს. მე 30 წელია ამ სფეროში ვარ ჩართული, ყოველდღიურად ვაკვირდები მოვლენებს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ასეთი კარგი შანსები საქართველოს არ ჰქონია არასდროს ამ 30 წლის განმავლობაში, რათა ხელახლა დაეყენებინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
პირველ რიგში, საქართველომ თანმიმდევრულად და მხოლოდ მშვიდობიან ფორმატში უნდა საუბრობდეს საქართველოს მსხვერპლის როლზე, როგორიც აქვს უკრაინას.
ახლა ჩაიარა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ და გამოვიდა მსოფლიოს ყველა ლიდერი. ჩვენი პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა. ამ შემთხვევაში მინდა მე სხვა ლიდერებს შევეხო. არცერთს არ უხსენებია უკრაინა და საქართველო, არცერთს.
ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა – მუდმივად უნდა ახსენებდეს, რომ “არ დაგავიწყდეთ, საქართველო არის პირველი და მერე მოვიდა უკრაინა.”
უკრაინაში ხდება საშინელება, მასშტაბები არის მეტი, მაგრამ საქართველომ არანაკლები ტრაგედია იწვნია.
საკუთარ ტერიტორიებზე იურისდიქცია უკრაინამაც დაკარგა, მაგრამ აფხაზეთთან ის განსხვავებაა, რომ იქ 29 წელია, თუ მეტი არა, ქართველების წინააღმდეგ საშინელი აგიტაცია მიმდინარეობს, რომ ჩვენ ფაშისტები ვართ და ა.შ…ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი განწყობა სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის. არის თუ არა რაიმე სახით შესაძლებელი, ასე თუნდაც დისტანციურად ეს შეხედულება ოდნავ მაინც შეიცვალოს დადებითი დინამიკით? რა სტრატეგია გვაქვს ომის შემდგომ სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ აღიდგინოს ურთიერთობები აფხაზ ხალხთან? რა გამოსავალს ხედავთ პირადად თქვენ?
მე მქონდა მცდელობა შემეცვალა სტრატეგია, ამის გამო მე წიგნიც დავწერე, ანგარიში, გარკვეულწილად თუ რა არის გასაკეთებელი.
რა არის გასაკეთებელი დღეს? დავანებოთ თავი წარსულს.
ახლა არის უნიკალური შანსი ითქვას, რომ რუსეთს აქვს აღებული ვალდებულება საქართველოს წინაშე, 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით, უნდა გაიყვანოს ჯარები, მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით.
ამავე ხელშეკრულებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე – ისინი აქ არიან.
შეიძლება ვთქვათ ცალსახად, რომ ევროკავშირი აქ იმყოფება და ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს, რომ გააძლიეროს თავისი აქ ყოფნა და გადაიქცეს სამშვიდობო ძალებად.
დაინახონ აფხაზებმა და ოსებმა, რომ ჩვენ ვაპირებთ მხოლოდ სამშვიდობო გზით რუსების გასტუმრებას მათ მიერვე აღებული ვალდებულებით.
ამასთან, აფხაზები და ოსები ჩვენგან მუდმივად ითხოვდნენ, რომ ხელი მოგვეწერა ძალის არგამოყენების შესახებ გარკვეულ დოკუმენტზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რა აზრი აქვს დოკუმენტის ხელმოწერას, როცა იქ დგას რუსის საოკუპაციო ჯარები?
თუ დავიწყებთ ლოგიკურად საუბარს, გამოვა, რომ თუ რუსების ჯარი გავა, ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ მხარეებს დაველაპარაკოთ და დავიწყოთ საუბარი ძალის არ გამოყენებაზე.
ამავე დროს უნდა, მოხდეს ჩართვა თურქეთისა. თურქეთმა 2 წლის წინ აშკარად ნაბიჯი გადადგა სამხრეთ კავკასიაში და დაეხმარა აზერბაიჯანს, რათა ფეხი მოეკიდა.
ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმარება თურქეთი უკრაინას, ამავე დროს როგორ ეთამაშება რუსეთს.
აშკარად ანგარიშგასაწევი და სერიოზული ძალაა.
თურქეთზე მეტი სანდრო მოკავშირე დღეს ჩვენ არა გვყავს, ნატოს წევრი სახელმწიფოა, ჩვენ ნატოსკენ მივდივართ, თურქეთთან უნდა იყოს მეტი ურთიერთობა, მეტი ლაპარაკი, მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარებაში.
რაც შეეხება მობილიზაციის თემას, რაც პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რამდენად მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ მობილიზაციაში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაც ჩაერთოს?
საქმე შემდეგშია, რუსეთის ის მოქალაქეები, რომელიც არიან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც ჩაწერა აქვთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შეეხებათ ეს. მაგრამ ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ არ აქვთ რეგისტრაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ანუ ცხოვრობენ და რეგისტრაცია აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში აქვთ მათ ვერ შეეხებათ.
რაც მე ვიცი, ჯერ არცერთ მათგანს არ მიუღია, არანაირი შეტყობინება სამხედრო კომისარიატიდან.
იმ ხალხს შეეხება, ვისაც აქვს რეგისტრაცია რუსეთის ფედერაციაში.
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა ნაკადი არ წყდება.მიგრანტთა მასშტაბი იმდენად დიდია, რომ დამკვირვებელთა უმეტესობა საფრთხეებზე საუბრობს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში მიგრანტებად ჩამოსვლას უკავშირდება? რუსეთის მოქალაქეების სიმრავლით გამოწვეულ საფრთხეებზე ახლა ბევრი საუბრობს. თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ?
ჯერჯერობით ვერ ვხედავ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საფრთხეებს, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგიდან გამომდინარე საფრთხეებს ვხედავ. საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ მე მაქვს შფოთვები.
დღეს გამოქვეყნდა სტატისტიკა რამდენი რუსი ადამიანი შემოდის და რამდენი გადის.
დაინტერესებული ვარ ამ თემით, ვაკვირდები და დაახლოებით სომხეთი და თურქეთიც ამბობს, რომ ხმელეთით, როგორც წესი, რუსები შედიან მათთან საქართველოს გავლით.
უნდა ვიცოდეთ, ჩვენთან შემოსული რამდენი ადამიანი ტოვებს საქართველოს და მიდის სხვა სახელმწიფოში. როგორც წესი, მიდიან მაინც თურქეთში, ვიდრე სომხეთში.
რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მატება არის, რამდენად სერიოზულია ეს მატება?ჩემი აზრით, მთავარია რეგისტრაცია ამ ადამიანების. მე არ ვარ მომხრე საზღვრის ჩაკეტვის, ხვალ შეიძლება შევიცვალო პოზიცია, მაგრამ ამ წუთში მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.
მაგრამ, უნდა აეხსნას ამ ხალხს საზღვარზე, რომ შემოდიან სახელმწიფოში, რომელიც არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, შესაბამისად, ისინი მათ მიმართ არ უნდა ელოდონ კეთილგანწყობას.
გაწერილი უნდა იყოს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომ ეკრძალებათ მათ გარკვეული მოქმედებები, სიტყვაზე, რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა, დროშები იქნება, თუ ჰიმნის გაჟღერება. ანუ უნდა იყვნენ შეზღუდულები.
ასევე უნდა შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებზე ხელმისაწვდომობა უძრავი ქონების გაყიდვაზე.
ეს ადამიანები სამართლებრივად ძალიან მოწყვლადები არიან. ისინი ვერც კი მოითხოვენ დევნილის სტატუსს იმიტომ, რომ მობილიზაციისგან თავის არიდება ეს არ არის უბედურება.
დევნილის სტატუსს ითხოვენ ის ადამიანები, რომლებიც უბედურებას გაურბიან. მობილიზაციაზე უარის თქმა არ გაძლევს უფლებას მოითხოვო სხვა ქვეყანაში თავშესაფარი. ანუ ეს ადამიანები აქ დროებით არიან. მათ მოუწევთ გაიარონ დროებითი რეგისტრაცია.
ამიტომ, საჭიროა ჩაღრმავებული ინტერვიუები რამდენ ხანს რჩებიან, ფული საიდან აქვთ? როგორ ერიცხებათ? რას საქმიანობენ?
თუ გონივრულად ჩავუყვებით ამ ყველაფერს, მე ჯერ ვერ ვხედავ იმ საფრთხეებს, რომელსაც ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი არგუმენტი არ მოაქვთ გარდა იმისა, რომ საფრთხეებზე ლაპარაკობენ.
თუმცა აქვე ვამბობ, რომ რისკები ბევრია, თუნდაც საზოგადოებრივი წესრიგიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, ჰუმანიტარული სამართალი, გვავალდებულებს ჩვენ კრიტიკულ სიტუაციაში, ადამიანები, რომლებიც გაურბიან რაღაც საფრთხეებს, მათ პირველადი, დროებითი, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ,” – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.