რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი დათო გომართელი სტუმრობდა ცნობილი სიმღერების „თეთრი კლავიშები“, „ჩემო თბილის ქალაქო“ და „მზე იძინებს“ ახალი ვერსიებით.
დიდი ხანია არ ვყოფილვარ თქვენთან სტუმრად. ძალიან მიყვარს თქვენი ჰოლდინგი, რადგან ერთ-ერთი პირველი სტუმარი ვიყავი და კარგად მახსოვს მისი გახსნა.
„თეთრი კლავიშები“
სიმღერა, რომელიც ჩემს საყვარელ ნატო გელაშვილს ეკუთვნის, ძალიან ბევრმა მომღერალმა და ანსამბლმა შეასრულა. მეც მინდოდა მსმენელისთვის საკუთარი ვერსიის შეთავაზება და კომპოზიციის თანამედროვე ვარიანტი ჩავწერე. ვფიქრობ, საინტერესო ვერსია გამოვიდა. თავიდან ნატომ ცოტა გაიკვირვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძალიან მოეწონა. სიმღერა “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა ჩემი მეგობარი მუსიკოსების პაატა ანდრიაძის, ლევან დეისაძის, ზაზა ცერცვაძის და გიგი ცინცაძის დამეხმარებით.
„ჩემო თბილის ქალაქო“
გოგი ცაბაძისა და მორის ფოცხიშვილის ცნობილი სიმღერის არანჟირების ავტორი ზურა მახნიაშვილია.
„იძინებს მზე“
ეს სიმღერაც ძალიან ცნობილია. ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილია, კომპოზიტორი კი, ნუგზარ ვაწაძე. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს კომპოზიცია, ამიტომ ჩემებურად გადავწყვიტე მისი შესრულება.
ერთი სიმღერის ისტორია
ყველა სიმღერას თავის ისტორია აქვს, თუმცა ყველაზე მეტად მაინც „გატეხილი გული“ მიყვარს. კარგად მახსენდება „ჭრიჭინებიც“, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პირველი სიმღერა იყო. თავის დროზე ძალიან გავაკვირვე მაცაცო სებისკვერაძე, რომელიც გაფართოებული თვალებით უსმენდა ჩემს ვერსიას.
საკონცერტო სამზადისი
7 ივნისს პირველად ჩატარდება ჩემი კონცერტი მილანში. თავად გამოვთქვი სურვილი მომეწყო კონცერტი და ერთგვარი საჩუქარი გამეკეთებინა ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომლებიც დიდი ხანია იტალიაში არიან და ძალიან ენატრებათ ქართული სიმღერა. საკონცერტო დარბაზი ქალაქის ცენტრშია, დასწრება კი, თავისუფალია, ამიტომ ყველას სიამოვნებით ვუმასპინძლებ.
სამომავლო გეგმები
თბილისში ჯერ არაფერი მაქვს დაგეგმილი, თუმცა ზაფხულის სეზონი ყოველთვის დატვირთულია და იმედი მაქვს წელსაც ბევრი კონცერტი გაიმართება. ძალიან მინდა მასშტაბური, სანახაობრივი საღამოს გაკეთება, თუმცა ჯერ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მაქვს და კონკრეტულად არაფერი ვიცი.
26 მაისს „ბრავო რექორდსში“ ვიწყებ ჩაწერას დავით მალაზონიასთან ერთად, რომელიც ერთ-ერთი უცხოური სიმღერის არანჟირებაში დამეხმარა. ბრაზილიელი მუსიკოსის ივან ლენსის ცნობილი თემა ვთარგმნეთ ქართულად და ვნახოთ რა გამოვა. სხვათა შორის, ლენსი ორჯერ იყო თბილისში და ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში მოაწყო კონცერტები ვატო კახიძის დირიჟორობით. ვფიქრობ, კარგი ვერსია გამოვა, რადგან ძალიან საინტერესო ტექსტი აქვს, რომელზეც ბიჭი ივანიშვილმა იმუშავა.
პროფესია
საბჭოთა კავშირში დავიბადე და გავიზარდე, საიდანაც ძალიან რთული იყო საზღვარგარეთ გამგზავრება. ძალიან მინდოდა გემზე მუშაობა, უცხოეთში მოგზაურობა და სწორედ ამიტომ ავირჩიე ოკეანოლოგის პროფესია. მოგვიანებით ჯერ GIPA-ში, მერე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში შევიძინე სხვადასხვა სპეციალობა.
მართალია, ჩემი ქალიშვილი მღერის, მაგრამ ნამდვილად ვერ დავაძალებ მუსიკოსობას. რამდენიმე წლის წინ ერთად ჩავწერეთ სიმღერა, მართალია, თავიდან არ მოეწონა, მაგრამ ახლა თავად გამოთქვა ახალი კომპოზიციის ჩაწერის სურვილი. გარდა ამისა, დარია ძალიან კარგად ხატავს და დამოუკიდებლად აკეთებს ანიმაციურ ფილმებს.