„დღეს 7 ნოემბერია, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ,“ – ამ სიტყვებით დაიწყო დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომა.
კალაძის შეფასებით, 7 ნოემბერი ისტორიაში შევიდა, როგორც „ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითი“.
„ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა თავისი მედიის თუ ლობისტების საშუალებით, მაქსიმალურად შეეფუთა 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე დაინახეს ასევე უცხოეთში. 7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებული, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიული თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ საზოგადოება დავყოთ პრივილიგირებულ ჯგუფებად, იმისიანებად და ამისიანებად. ეს არის ძალიან მძიმე. ყველამ კარგად დავინახეთ, ამ მიდგომებმა და დამოკიდებულებამ რა მოგვიტანა ქვეყანაში. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ადამიანები მოვკვეთოთ საზოგადოებიდან, ჩავქოლოთ, გავრიყოთ და გვქონდეს ეს დამოკიდებულება. რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რადგან გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება ეკონომიკურად, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ხალხი და მთავრობა არის ერთი მთლიანი ძალა და არა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები.
„ესაა ქვეყნის განვითარების საწინდარი და ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ თანამშრომლობისა და წინსვლისკენ,“ – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.