LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

86
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს უკავშირდება, გადაიდო.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

დღეს პროცესზე წარმოდგენილი იყო სამედიცინო ცენტრ “ვივამედიდან” ცნობა, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.

სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმიც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო.

მას დისტანციურად ჩართვაც შესთავაზეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა.

დღესვე, პროცესზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეების მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი.