LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 დეკემბერს „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება

98
barocofestival

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა და მას ყოველწლიურად ბაროკოს მუსიკის მსოფლიოს ვარსკვლავები სტუმრობენ. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ძველებური მუსიკის ფესტივალია, სადაც ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტიკური შესრულების მანერით სრულდება ძველებური მუსიკა.

წლევანდელ ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა, ანსამბლებმა და ძველებური მუსიკის სპეციალისტებმა, როგორებიც არიან: საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, ვინჩენცო კაპეცუტო (მომღერალი (ალტი) და ბალეტის მოცეკვავე, იტალია), ნატალი პერესი (მეცოსოპრანო, საფრანგეთი), გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, საქართველო / გერმანია), სერგეი მალოვი (ვიოლინო, ჩელო და სპალა, ავსტრია).

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ჩამოსულმა  ვარსკვლავებმა, გარდა კონცერტებისა, ძველებური მუსიკის ავთენტიკური შესრულების მიმართულებით მასტერკლასები  ჩაატარეს.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა 5 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრის, ლიტერატურის და მხატვრობის შესახებ. ლექციები ჩაატარეს ამ სფეროს წამყვანმა  სპეციალისტებმა  და პროფესორებმა, როგორებიც არიან: ზურაბ წკრიალაშვილი (ანსმბლ „ბასიანის“ დირექტორი და მომღერალი, გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ პროფესორი), ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე), თამარ მუქერია (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), გია ბუღაძე (მხატვარი) და გვანცა ღვინჯილია (მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი).

ფესტივალის ფარგლებში უკვე გაიმართა 5 კონცერტი და 8 დეკემბერს ფესტივალის დასკვნითი კონცერტი სახელწოდებით – „იტალიური ბაროკო“ გაიმართება.

ამ საღამოს, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ: საფესტივალო გუნდი არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით; სოლისტები: მეგი ჩიხრაძე (სოპრანო), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი) და ცნობილი გერმანელი დირიჟორი და იმლინგის ფესტივალის (გერმანია) სამხატვრო ხელმძღვანელი კორნელია ფონ კერსენბროკი.

8 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დაიხურება და  შესრულდება: ანტონიო ვივალდის, კლაუდიო მონტევერდისა და გეორგ ფილიპ ტელემანის ნაწარმოებები. კონცერტის დასაწყისი 19:00 საათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g