LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

205
ლაზარე გრიგორიადისი

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

„საქმე „თეთრი ძაფით არის შეკერილი“ – ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, შეიწყალოს“ – ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

საბოლოო განაჩენი ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ გამოაცხადა. მან ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო.

განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ლაზარე გრიგორიადისიც.

„ყველას ხომ ჰყავს შვილები, ვინც მთავრობაში არიან, თუ სასამართლოში, ადამიანის ასე აბუჩად აგდება ხომ არ შეიძლება“ – ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, „ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა“

„საქმეში არის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაზარალებულების ჩვენებები, რომელიც სასამართლომ მოისმინა. სხვადასხვა ექსპერტიზა ჩატარდა, განისაზღვრა ავტომობილთან დაკავშირებით ზიანი. რაც შეეხება დაზარალებულებს, ფაქტობრივი გარემოებები კარგად არის ცნობილი. ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა პოლიციის თანამშრომლების მისამართით, რამაც მათი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიიღეს მძიმე ხარისხის დამწვრობა. სამედიცინო დახმარებით მოხერხდა მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება.

არაერთი ვიდეოჩანაწერი იყო წარდგენილი. კონკრეტულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, მათ შორის არსებობდა დათვალიერების ოქმი, რომელშიც მონაწილეობდა ბრალდებულთან ერთად ადვოკატი, საკუთარი თავი მან თავად ამოიცნო. ბრალდებულის მხარე ხაზს უსვამს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც გრიგორიადისი ავტომობილს ცეცხლს უკიდებს, არა ჩვენებაში, არამედ დათვალიერების ოქმში. ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ბრალდების მხარე არ ეხება, ვინაიდან ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.

საქმეშია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ბრალდებული ამოიცნეს. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამისმა ექსპერტიზამ ლაზარე გრიგორიადისის ვიდეოჩანაწერში არსებობის ფაქტი დაადგინა. ასევე, ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი იქნა აღმოჩენილი და დადგენილი. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ საქმეზე სხვადასხვა ექსპერტიზა იქნა ჩატარებული და ბრალდების მხარეს სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, – აღნიშნა თამარ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ლაზარე გრიგორიადისი: „ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები – რაც აქ ხდება, საშინელებაა“

magti 5g