ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ეს არჩევანი არასდროს შეცვლილა.
„ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. ეს არის ის, რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა, ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ – მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და არ შეიცვლება და სწორედ ეს სიმტკიცე მიგვიყვანს არჩევნებზე წელს ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს მივიღებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ის, თუკი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეუძლია ვეტო დაადოს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ექნება.
„ეს არის რუსული კანონი, ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების მიზნით“ – განაცხადა პრეზიდენტმა.