LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ… რაც შეეხება აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს ძალადობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს”- კახა კალაძე

149
კახა კალაძე

სოციალურ ქსელ „ფეისბუქით” ვიდეომიმართვაში თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ნუ ენდობიან ნურავის, გადაამოწმონ ფაქტები და თავად გააკეთონ ანალიზი.

მისი თქმით, ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი სცენარის გამოძახილია.

„ნუ დამიჯერებთ მე, ნურც სხვას, დაუჯერეთ მხოლოდ ფაქტებს. ნახეთ, როგორც იმეორებს თბილისის ქუჩებში მიმდინარე აქციების სცენარი უკრაინული „მაიდნის“ სცენარს (მექორწილე წყვილი, ფორტეპიანოზე დაკვრა, ტუჩსაცხიანი გოგონა, ყვავილები სპეცრაზმს და სხვ). ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რა წერია აკერმანის წიგნში, რომელიც სამოქმედო გეგმად გამოიყენება დღეს თბილისის ქუჩებში.

რაც შეეხება აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მინდა, იცოდეთ, რომ მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს ძალადობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს: „სირცხვილია”, „ფრანკლინის კლუბი”, „მომავლის აკადემია”, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”, „მოძრაობა თავისუფლებისთვის”, „ჯიუტი”, „ტალღა”, „ნაბიჯი”, „წერტილი”, „დაფიონი”, რომლებიც კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი ფულით ფინანსდებიან. ასევეა ხაზარაძის დაფინანსებული ორგანიზაცია “ჯენზი”. სწორედ ამ ორგანიზაციების აქტივისტი ახალგაზრდები წარმოადგენენ აქციების ძირითად ბირთვს. აღარაფერს ვიტყვი იმ რევანშისტ მოძალადე პოლიტიკოსებზე, რომლებიც წლებია ოცნებობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რათა ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომელიმე უცხო ძალამ მართოს საქართველო და დააყენოს ქვეყანა საფრთხის წინაშე.

„მეგობრებო, დღეს საჭიროა შევიარაღდეთ მხოლოდ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ამ ქვეყნის წინაშე.

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ჩემი მხრივ გაძლევთ პირობას, სწორედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტთ ქვეყნის ბედს, მის მომავალს და არა ის ბნელი ძალები, რომლებიც ქვეყანაში არეულობის დათესვას და ამ ქვეყნის დასუსტებას ცდილობენ. არავის მიეცემა შესაძლებლობა რომელიმე უცხო ქვეყნის ძალამ მართოს ჩვენი ქვეყანა და იგივე პროცესები განვითარდეს, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება.

კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, კიდევ უფრო დამოუკიდებლები, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ღირსებით. ჩვენი ძლიერი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი იდენტობით გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია” – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ძალადობა უწოდა კამპანიას, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის მტრის იარლიყის მიკერებას ისახავს მიზნად.

„დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია-„ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია”. ამ ლოზუნგით იფუთება უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, რომელიც უარს ამბობს უცხო ქვეყნის გავლენებზე, მათ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მხარს უჭერს გამჭვირვალობას.

ძალადობაა, როცა ზეწოლის, ბულინგის, შეურაცხყოფის გზით სურთ, გაიძულონ, გაიმეორო მათი „მესიჯები“. ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ.

ძალადობას მივყავართ საშინელ შედეგებამდე, რასაც ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა. რასაკვირველია, არავის უნდა დავუხაროთ თავს, რადგან ჩვენ ხელშია სიმართლე. არ არსებობს ქვეყნად სიმართლეზე დიდი იარაღი” – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, „კანონი გამჭვირვალობის შესახებ” ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს პირველ რიგში რუსეთის, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება.

ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ ეს კითხვები”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

🔴

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on პარასკევი, 10 მაისი, 2024
magti 5g