სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტთან დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედოს.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა:
„სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე.
ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ“, – წერია სახალხო დამცველის მიმართვაში.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა.
📢 სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის…
Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on კვირა, 12 მაისი, 2024