„დაკავებულს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც აბსურდულია, რადგან ყველა ადამიანს და მათ შორის ამ დაკავებულ პირსაც, უფლება აქვს, იცავდეს საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს“, – ამის შესახებ გასულ ღამეს, თბილისში, ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა სულხან კომახიძემ მედიასთან განაცხადა.
ადვოკატის თქმითვე, ბრალდებულს არავის მოკვლის სურვილი არ ჰქონია:
„მკვლელობა მის სახლში მოხდა. სცემეს, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და თავდაცვის მიზნით, გამოიტანა შენახული სანადირო იარაღი, რომელსაც ართმევდნენ და მოხდა გასროლა.
მას არავის მოკვლის სურვილი არ ჰქონია. ფაქტია, რომ მას არავისთვის იმის საფუძველი არ მიუცია, რომ ღამის საათებში მძინარე ოჯახთან მივარდნილიყვნენ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ.
ჩანაწერი ამოღებულია, ჯერჯერობით გახსნილი არ არის და, სავარაუდოდ, იქნება ისიც, რაც მასზე თავდასხმის ფაქტებს აღწერს“, – განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
ცნობისათვის, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ პირს და მის მეგობარს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღესვე, ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.