„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს იქნება მორიგი არჩევნები, როდესაც ოპოზიცია დამარცხდება. ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარე ძალებიდან ინტენსიური ზეწოლები კიდევ იქნება.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განმარტა, „სანქციები, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება მმართველ გუნდზე, ესეც არის ის, რომ სული ჩაუბერონ გონებამიხდილ ოპოზიციას, რომ როგორმე მათი რეანიმაცია მოახდინონ და არჩევნებზე რაღაც მაჩვენებელი დაადებინონ“.
„ნაციონალური მოძრაობა“ დაყოფილი თუ გაერთიანებული, ერთი და იგივეა. ესენი არიან ძველი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, რომელთა მძიმე წარსული საზოგადოებას ახსოვს. ამიტომ, ფერისცვალებით ახლებურად ვერ წარდგებიან საზოგადოების წინაშე. პოლარიზაცია არის მთავარი ინსტრუმენტი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული და პატრონებმაც ასეთი რამ ურჩიეს. იმიტომ იყო სამი რევოლუციის მცდელობა, ქუჩაში აურზაური, საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმა, თუმცა უშედეგოდ. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, რომ არჩევნების გზით შეცვალონ ხელისუფლება, ამიტომ ცდილობენ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.