UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მაიკლ ბისპინგის და ენტონი სმიტის პოტკასტის სტუმარი იყო.
მერაბმა საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
„საქართველოს რაც შეეხება, ჩემი ბავშვობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ჩვეულებრივი თანამედროვე ქვეყანაა. სოფელში დავიბადე, მაგრამ 9 წლის ასაკში ოჯახთან ერთად დედაქალაქში საცხოვრებლად გადმოვედი. ყოველთვის „ველური“ ბავშვი ვიყავი, ქალაქშიც კი. მაშინ ქვეყნისთვის ცუდი პერიოდი იყო, რუსეთი 1991 წლიდან გვაწუხებს. პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც საბჭოთა კავშირი დატოვა და დამოუკიდებლად ცხოვრება სცადა. რთული დრო იყო, ყველას „განგსტერობა“ უნდოდა, მათ შორის მეც.
მადლობა ღმერთს, ესეც დალაგდა – სხვა მთავრობა მოვიდა, პოლიცია გაუმჯობესდა, ტურისტული ქვეყანა გავხდით, მოგზაურთათვის უსაფრთხო. მაგარი ქვეყანა ვართ – ძალიან ძველი, მსოფლიოში მეორე ქრისტიანული სახელმწიფო, საკუთარი ენა გვაქვს, დამწერლობა, კულტურა, დიდი ისტორიაც. სტუმრები გვიყვარს, მაგრამ ამავდროულად მებრძოლები ვართ – სულ თავის დაცვა გვიწევდა: რუსეთის გვერდით ვართ, ისინი კი გიჟები არიან…
ყველაზე მეტად რუს პიოტრ იანზე გამარჯვება გამიხარდა, იმიტომ რომ მჩაგვრელია. ანუ, არამხოლოდ იმიტომ, რომ რუსია – კი, რუსეთის პოლიტიკა არ მომწონს, მაგრამ კარგი და ცუდი ხალხი ყველგან არსებობს… რა თქმა უნდა, რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს. პიოტრის ქვეყანა ჩემი ქვეყნის მტერია, მაგრამ მხოლოდ ამიტომ არ გამხარებია. უბრალოდ, მჩაგვრელია. 5 წლის წინ ტეხასში შევხვდი და თითქოს ცდილობდა, დავეჩაგრე – ისე მიყურებდა, გეგონება, ჩემი მოკვლა უნდოდა. „რას მერჩი, ძმაო“-მეთქი [იცინის].
ო’მალისთან ბრძოლას რაც შეეხება, ვიცი, რომ მისი შემდეგი ოპონენტი უნდა ვიყო, თუმცა ჯერ ზუსტი თარიღი უცნობია, არც კონტრაქტი გვაქვს ამ ეტაპზე. [სოც. მედიაში ვიდეოებით] მისი ყურადღების მიქცევა მინდოდა, რაც გამომივიდა კიდეც – ძლივს ჩემი სახელი ახსენა. თავადაც ეცადა, ორჯერ ეხუმრა ჩემზე და ვიდეოები ჩაწერა, რაც გამიხარდა. შონთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2018 წლიდან მინდა და მას მერე „დავდევ“. მგონია, რომ მასთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა ჩემი უნარების შესამოწმებლად.
იდეალური იქნებოდა, სექტემბერში „სფეროში“ გვეჩხუბა. ყველას იქ ბრძოლა სურს და მეც მათ შორის. მაგრამ ისიც კარგად იცით, რომ წინა მატჩიდან 3 კვირაში შემდეგისთვის უკვე მზად ვიყავი – წონაც მეორედ ჩავაბარე და შონთან დაპირისპირებისთვის ვემზადებოდი.
როგორც ვთქვი, ეს ჩემი საოცნებო ბრძოლაა. თან ამ დაპირისპირებისთვის ახლა იდეალური დროა. რა მოხდება და ყველას ჩემს სტრაიკინგს ვაჩვენებ. კი, ჭიდაობაც ვიცი, მაგრამ ახლა მინდა დგომაში ჩემი უნარებიც ვაჩვენო და [შონს] სახეში დავარტყა. მას კი ჰგონია, რომ მასთან ჭიდაობას ვეცდები, მაგრამ, არა – დგომაშიც შევეჯიბრები.
მართალია, სტილისტურად, მისი დამარცხების საუკეთესო გზა იქნებოდა ჭიდაობა, დისტანციის შემცირება, შემდეგ კლინჩი და კარდიოში უპირატესობის გამოყენება… მაგრამ საკუთარ უნარებში დარწმუნებული ვარ. წესით, ალჯოსაც შონი უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბრძოლაში მაინც და მაინც საუკეთესო მებრძოლი არ იმარჯვებს. მე მჯერა, რომ საუკეთესო ვარ. კი, პატივი უნდა ვცე მის სტრაიკინგს, თუ გამომიჭერს სადმე… ზოგადად, ყველა ჩემს მეტოქეს პატივს ვცემ, მათ შორის შონსაც: ჩემპიონია, თავდაჯერებულია, დიდი წვდომი აქვს, გამოცდილებაც, ნოკაუტის ძალა, კარგი ტექნიკა და მწვრთნელი. მაგრამ ამავდროულად ჩემი თავის მწამს“, – აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა მაიკლ ბისპინგის და ენტონი სმიტის პოდკასტში.