„იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრაციას ნებაყოფლობით არ გაივლიან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან მოიძიოს.
„თავისთავად, ამ ორგანიზაციებისთვის არ არის უცხო, რომ დაემალონ კანონს, იყვნენ გაუმჭვირვალო, ჩრდილში ჰქონდეთ თავიანთი ფინანსები და მიზნები და ასე აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, ამიტომ იქნებიან ორგანიზაციები, ვინც არ დარეგისტრირდება ამ რეესტრში და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება, რომელი ორგანიზაცია რა მიზანს ემსახურება.
თუმცა ამის პარალელურად, არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც უნდა აღსრულდეს კანონი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კანონპროექტის არსსა და მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე საუბრობს
მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირების შემთხვევაში, თავისთავად იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ მოიძიოს ინფორმაცია, საჯარო წყაროებიდან იქნება ეს, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში.
მათ შორის, იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე თუ უნდა ითანამშრომლონ ადამიანები, თუ სხვა ორგანიზაციები, ვის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ „ენჯეოების“ დასარეგისტრირებლად პირველწყარო.
რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, უნდა აღასრულოს ის კანონი, რომელიც მათივე ინტერესს ემსახურება და არ უნდა შეუწყონ ხელი ამ მავნებლურ პირდაპირ აგენტურად ქცეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დარჩნენ ჩრდილში და თავისი საქმეები მალულად აკეთონ“. – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1-ელი აგვისტოდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შედის.