ნინო მუმლაძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს იმის შესახებ, რა ზეწოლა ჰქონდა საზოგადოების მხრიდან, სანამ გათხოვებას გადაწყვეტდა. შეგახსენებთ, რომ ნინო ახლახან, 40 წლის ასაკში დედა გახდა.
– დაოჯახებამდე საზოგადოებისგან ზეწოლას არ გრძნობდი შეკითხვით – რატომ არ ოჯახდებიო?
– ალბათ, ასეთი კითხვები დაახლოებით 25 წლიდან დაიწყო. 35 წელსაც რომ გადავცილდი, შემეშვნენ. ეტყობა იფიქრეს – „დარჩაო“. ყველამ ხელი რომ ჩაიქნია, მერე გავთხოვდი. თურმე, ადამიანს უნდა შეეშვა და თავად გადადგამს ამ ნაბიჯს.
– შენს გონებაში რა ხდებოდა, როცა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გეკითხებოდნენ?
– როგორც ყველას უნდა, რომ გამხდარი, ლამაზი იყოს, ასევე სურთ პირადი ბედნიერება. თუკი ადამიანს ეს ბედნიერება არ აქვს ან ოჯახი არ ჰყავს, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩუმად განიცდის? ზედმეტი კითხვის დასმით რის მიღწევას ცდილობენ? ამით ადამიანს მხოლოდ გულს სტკენენ და „ხაზს უსვამენ“ იმ სიტუაციას, რომ ადამიანს რაღაც უნდა, მაგრამ არ აქვს. ეს იგივეა, რაც მაგალითად, წონის კორექციაზე ლაპარაკი – წონაში რომ მოიმატე, მოდი, კარგ დიეტას გასწავლიო… თუნდაც, წარმოვიდგინოთ, ვიღაცას გრძელი ცხვირი რომ ჰქონდეს, თავად არ მოსწონდეს და რამდენჯერაც შემხვდება, ვუთხრა, – ვაიმე, რა გრძელი ცხვირი გაქვს, ოპერაციას რატომ არ იკეთებ-მეთქი, ესიამოვნება?.. საერთოდ, რაღაც ნაკლი ყველა ადამიანს აქვს. ვისაც უტაქტო შეკითხვების დასმა უყვარს, წარმოიდგინოს, რომ ყოველი შეხვედრისას თავიანთ ნაკლზე ელაპარაკებიან…