LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ

110
ლევან დავითაშვილი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ.

მემორანდუმს ხელი ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჭაო ჩენსინმა მოაწერეს. 

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, მათ შორის, მარშრუტების ოპტიმიზების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების გზით, აგრეთვე, საბაჟო, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და გაციფრულების საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებით. მემორანდუმი ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების ზრდას, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

„მემორანდუმი გვაძლევს შესაძლებლობას, დავამყაროთ უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და გავზარდოთ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად. შედეგად, შევძლებთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი ჩვენს დერეფანში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის მნიშვნელობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

ხელმოწერამდე ლევან დავითაშვილმა და ჭაო ჩენსინმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების შესახებ, რომელთა ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რკინიგზის მოდერნიზაციაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. აღინიშნა, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g