LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარს გასვლითი კონცერტები. რეგიონებში სულ სხვა ემოციით გვხვდებიან“ – ნეკა სებისკვერაძე პრემიერით „არტ-FM“-ში

895
ნეკა-სებისკვერაძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალზე „შემოდგომის თბილისზე“ და ახალ სიმღერაზე „ცის ნაპირზე“  ისაუბრა.

წელს პირველად ვეწვიე თუშეთს. დიდხანს ვნატრობდი ამ მხარის სტუმრობას და როგორც იქნა სიმაღლის შიშიც დავძლიე და ნატვრაც ავისრულე. მართალია, უამრავი საქმე მქონდა ზაფხულში, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რისთვისაც წლის მანძილზე ვერ ვიცლიდი.

საერთოდ ძალიან მიყვარს მოგზაურობა. მთელი საქართველო მოვიარე, თუმცა სიამოვნებით ვიმოგზაურებდი კიდევ ერთხელ. სწორედ ამიტომ მიყვარს გასვლითი კონცერტები. რეგიონებში სულ სხვა ემოციით გვხვდებიან ადამიანები, რადგან კონცერტებს მონატრებულები, ყოველთვის მთელი გულით გვმასპინძლობენ.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“, რომელსაც დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება კახიძის მუსიკალურ ცენტრში და ამერიკული ბენდის Kennedy Administration-ის კონცერტით დაიხურება. ჯანო კახიძის ცენტრი მართალაც არაჩვეულებრივი სივრცეა, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით სტუმრობენ მელომანები.

მართლაც ულმაზესი მუსიკა შექმნა არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა, ქალბატონმა ლალი საყვარელიძემ, რომელსაც ხშირად „დასავლური ჟღერადობის მუსიკასაც“ უწოდებდნენ. სიმღერა „ცის ნაპირზე“ ქალბატონმა ლალიმ თავად ჩამიწერა რამდენიმე წლის წინ და ერთ-ერთ საღამოზე მთხოვა მისი შესრულება. ცოტა ხნის წინ ისევ გავიხსენე სიმღერა და მისი გაცოცხლება ვცადე, მართალია ულამაზესი ლექსი ჰქონდა, მაგრამ მამაკაცს უფრო ერგებოდა, ამიტომ ტექსტის თავიდან დაწერა გადავწყვიტე.

მართალია, რეპერტუარში მეტწილად საკუთარ ტექსტზე შექმნილი კომპოზიციები მაქვს, მაგრამ დიდი ხანია არაფერი დამიწერია. სიამოვნებით ვუმუშავე სიმღერაზე, არანჟირებაზე კი, ჩემმა მეგობრებმა იზრუნეს. იმედი მაქვს კარგი სიმღერა გამოვიდა, თუმცა პირველ რიგში მსმენელმა უნდა შეაფასოს. ახლო მომავალში ვიდეოს გადაღებსაც ვგეგმავთ, კლიპზე კი, როგორც ყოველთვის გვანცა მეფარიშვილი იზრუნებს.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისიდან დავბრუნდით, სადაც გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გავმართეთ და ბატონი გოგის სიმღერები შევასრულეთ. მიხარია, რომ კონცერტში მეც მივიღე მონაწილეობა და უსამართლოდ მივიწყებული კომპოზიცია „გზები“ შევასრულე. 14 ოქტომბერს – სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე გიორგი სუხიტაშვილთან, სოფო გელოვანსა და ნინო გულიაშვილთან ერთად გავმართავთ ძალიან საინტერესო კონცერტს არაჩვეულებრივ სივრცეში „შუაგულში“, 24 ოქტომბერს კი, ლამაზი და სასიამოვნო გარემოთი გამორჩეულ რესტორანში „ხედში“ მოვაწყობთ მე და დათო ნოზაძე საღამოს.

გარდა ამისა, ეთნო-ჯაზ ბენდთან „ირიაოსთან“ ვთანამშრომლობ, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტს ახორციელებს გერმანელ მუსიკოსებთან ერთად. ნოემბრის თვეში   მათი ერთობლივი კონცერტები გაიმართება თბილისსა და კახეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები