ერთი წლის წინ, 2023 წლის 11 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
აღნიშნულ მოვლენას სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით იხსენებს ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე და წერს, რომ „ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, ნიკოს მოღვაწეობის შეფასება ღირსების ორდენით დიდი თანადგომა იყო“.
„ერთი წელი გასულა, ძნელი მოსასმენი იყო სიკვდილის შემდეგ ჯილდოვდებაო, მაგრამ იმედის მომცემი! ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, ნიკოს მოღვაწეობის შეფასება ღირსების ორდენით დიდი თანადგომა იყო.
ერეკლე მეფეს შვილი რომ მოუკვდა, ასე თქვა: „სამძიმარს მხოლოდ შვილმკვდართაგან მივიღებო“, ხოდა, ძვირფასო მეგობრებო, თუ ვინმე შვილდახვრეტილ დედას რამე პრეტენზია აქვს ჩემს პოზიციასთან, მზად ვარ მოვუსმინო, თუ ვცდები რამეში, ბოდიშსაც მოვიხდი!
ამ ჯილდოს მერე მაინც გულის სიღრმეში ვფიქრობდი, ნიკოს ვერაგული მკვლელობის საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ, ძალიან ბევრ ჩემს მეგობარსაც ასე ეჯერა, მაგრამ ამაოდ, ვის ვერ წირავს სისტემა, ეს რომ გაურკვეველი არ დარჩება, მე ვიქნები თუ არ ვიქნები ცოცხალი, ეჭვადაც არ მაქვს, მაგრამ შვილი უნდა გიყვარდეს, გაზრდილიც უნდა გყავდეს და აღზრდილიც, რომ გაიგო, რა ხდება ჩვენს თავს, გაუსაძლის ტკივილს + უსამართლობა რას უდრის, არვის არ ვუსურვებ, რომ გამოცადოს!
დასამალი რა უნდა ჰქონდეს ჩემს ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებსაც? ღიად ვამბობ, ჩემი შვილის მკვლელობა რომ არ გამოიძია, იმ ძალის გვერდით რა გვესაქმება?
მე ნიკოს მხარეს ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარდა სამშობლო, თავისი საქმე და ჰქონდა მიზანი და არა ოცნებები.
სალომე ზურაბიშვილი მთელი სიცოცხლის მანძილზე მადლიერი იქნება თქვენი ნიკოს ოჯახი“, – წერს იზა ომაძე და არქივიდან ვიდეოს ავრცელებს.
ერთი წელი გასულა, ძნელი მოსასმენი იყო სიკვდილის შემდეგ ჯილდოვდებაო, მაგრამ იმედის მომცემი! ქვეყნის პრეზიდენტის…
Posted by Iza Omadze on პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2024