„ეს უწყება არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას… ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს“ – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სუს-ის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.
მეზვრიშვილის განცხადებით, ასეთი დაშინების ინსტრუმენტები არჩევნებამდე მრავლად იქნება, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს.
მისივე თქმით, სამწუხაროდ სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში:
„პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას… ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება… “ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება“.
„სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტ ტვსთან“ ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას.
მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. „ოცნება“ დამარცხებულია, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის რესურსი, ტყუილების, პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს.
ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს.
იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.