LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვები, რომლებიც უკურნებელ სენს ებრძვიან, „ციცინათელების ქვეყნის“ დახმარებით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ, მათი დარჩენილი სიცოცხლე ტკივილისა და ტანჯვის გარეშე ჩაივლის“ – ირაკლი ალასანია ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

195
ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია, ბავშვთა ჰოსპისისციცინათელების ქვეყანა“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას „ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly World ავრცელებს.

ჰოსპისის „ფეისბუკ“ გვერდი ირაკლი ალასანიას კომენტარსაც აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ თავდაცვის ყოფილა მინისტრმა შემოთავაზება, გამხდარიყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მეგობრისგან მიიღო, რაც მისთვის დიდი პატივია, რადგან ჰოსპისი უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს უსასყიდლოდ ეხმარება:

„ჰოსპისთან დაარსების დღიდან ვმეგობრობ. „ციცინათელების ქვეყანა“ ჩემი საუკეთესო მეგობრის, ნინოს, შეუპოვარი შრომის შედეგად შეიქმნა. მისივე შემოთავაზება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გავმხდარიყავი, მივიღე, როგორც ყველაზე დიდი პატივი.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჰოსპისი უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს უსასყიდლოდ ეხმარება. მედიკამენტებით დაწყებული, ადამიანური რესურსით დამთავრებული – ყველა ფინანსურ ვალდებულებას „ციცინათელების ქვეყანა“ თავის თავზე იღებს.

რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ხელფასიდან ყოველთვიურად მცირე თანხა, ლარიც კი რომ გადმორიცხოს, ბავშვებს, მიუხედავად იმისა, ეყოლებათ თუ არა იმ ეტაპზე მსხვილი შემომწირველი, მედიკამენტები და ყოველდღიური საჭიროებებისთვის აუცილებელი ნივთები არ მოაკლდებათ. ამ ბავშვების მომსახურებას ჰოსპისის არაჩვეულებრივი გუნდი ჩვენი მონაწილეობით შეძლებს.

დამთრგუნველია, როცა ვიგებთ, რომ არსებობს უკურნებელი დაავადებები და ამგვარი სნეულების მსხვერპლი საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 800 ბავშვი ხდება. ცხადია, გულგრილად ამას ვერავინ მოისმენს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველა საკითხის გაგება და გააზრება სხვადასხვა რაკურსით ვცადოთ.

ჰოსპისზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა დავინახოთ შემდეგი: ბავშვები, რომლებიც უკურნებელ სენს ებრძვიან, „ციცინათელების ქვეყნის“ დახმარებით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ; მეორე: მათი დარჩენილი სიცოცხლე ტკივილისა და ტანჯვის გარეშე ჩაივლის; და, ბოლოს: ყოველი დღე, რომელსაც ჰოსპისში ან მის მიერ შეთავაზებული შინ ზრუნვის მომსახურების დახმარებით გაატარებენ, ასრულებული სურვილებითა და ლამაზი სიურპრიზებით იქნება სავსე.

ყველა შემომწირველმა რომ ისაუბროს ჰოსპისის შესახებ, ერთ მეგობარს მაინც გააგებინოს, სად და რატომ რიცხავს თუნდაც ლარს, ახლობლებსაც მისცეს მაგალითი და მათაც გადასდოს დახმარების სურვილი, „ციცინათელების ქვეყნის“ მეგობრების რაოდენობა ერთიათად გაიზრდება.

დაგვიმეგობრდი: საქართველოს ბანკი; მიმღები: ააიპ „ბავშვთა ჰოსპისი“; დანიშნულება: ქველმოქმედება. GE31BG0000000368074900“ – ვკითხულობთ ჰოსპისის „ფეისბუკ“ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

✨ ირაკლი ალასანია, „ციცინათელების ქვეყნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ჰოსპისთან დაარსების დღიდან ვმეგობრობ….

Posted by ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly World on ორშაბათი, 21 ოქტომბერი, 2024

პოპულარულები