ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს და ბიზნესმენის, თემურ უგულავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ციცინათელების ქვეყნის“ გუნდი იმ წვლილს იხსენებს, რომელიც თემურ უგულავამ ჰოსპისის მშენებლობაში შეიტანა. როგორც წერილშია აღნიშნული, თემურ უგულავა წლების განმავლობაში მუდმივად ზრუნავდა მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებზე.
„ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით საოცარ ადამიანს, თემურ უგულავას, რომლის სიკეთემ, პროფესიონალიზმმა და დიდმა გულმა ჩვენს ქალაქს არაერთი გამორჩეული შენობა თუ მნიშვნელოვანი პროექტი აჩუქა.
მას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ჰოსპისის შექმნასა და განვითარებაში. ის არა მხოლოდ „ციცინათელების ქვეყნის“ აშენების დროს იდგა ჩვენ გვერდით, არამედ წლების განმავლობაში მუდმივად ზრუნავდა მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებზე, თანამშრომლების კეთილდღეობაზე და ყოველთვის მხარს გვიჭერდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში.
ჩვენთვის დიდი პატივი იყო მასთან თანამშრომლობა, მისი მეგობრობისა და თანადგომის განცდა.
გვჯერა, ჰოსპისიდან გაფრენილი და მარადისობაში გადასული პატარა ციცინათელები იქ, ზეცაში, სიყვარულით გაუნათებენ გზას ამ განსაკუთრებულ ადამიანს“, – წერია ბავშვთა ჰოსპისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.
