„თუკი ვინმეს რამე კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება აქვს [წარადგინოს], სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და ამასთან დაკავშირებით საუბრობდა. შესაბამისად, მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მიბრძანდეს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები წარადგინოს“ – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძე საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერის თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ცრუ კამპანიას და სიყალბეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა, რაც თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა“:
„პრეზიდენტი გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში“ – არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით“.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ცრუ კამპანიას, სიყალბეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა. პირდაპირ გვეუბნებიან იმას, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა, დღემდე, რაც მოვისმინეთ, მხოლოდ და მხოლოდ ორი ფაქტი წარმოადგინეს – დამკვირვებლების და მილიონერი, ბეჭდებიანი ქალბატონის გადაკოცნა. სხვა სერიოზული ვერაფერი იქნა წარმოდგენილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას მიმართა გამოძიება დაიწყოს და ეს რა თქმა უნდა, თქვენს ინტერესშიც შედის, თუკი ვინმეს რამე კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება აქვს [წარადგინოს], სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და ამასთან დაკავშირებით საუბრობდა. შესაბამისად, მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მიბრძანდეს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები წარადგინოს“, – განაცხადა კალაძემ.
მან სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადების შესახებ კითხვასაც უპასუხა.
„რუსეთის განცხადებები თქვენთვის არის საინტერესო და თქვენ ხართ ამ ყველაფერში ჩართული. ყველაფერი რუსეთის სასიკეთოდ თქვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, პირდაპირ ტერიტორიები ჩააბარა, ეს იყო მოღალატეობრივი აქტი, მოღალატეობრივი ქმედებები, მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყავით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ეს ადამიანი პირდაპირ საუბრობს გაყალბებაზე უხეში ფორმით, ამბობს, რომ არის მტკიცებულებები. კეთილი ინებოს და წარმოადგინოს ეს მტკიცებულებები, თუ რაიმე დანაშაულია და თუ მართლა, ვინმემ არჩევნები გააყალბა, რაც წარმოუდგენელია, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი.
ერთ-ერთი სალომე ზურაბიშვილია, ის იყენებს ყველა პლატფორმას, საუბრობს სიცრუეს, საუბრობს სიბინძურეს, ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს, შესაბამისად, ის ვალდებულია, ყველა ის მტკიცებულება წარმოადგინოს, რომელიც ჩვენს არჩევნებთანაა დაკავშირებული. ასეთი არჩევნები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ტარდება. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს ამერიკაში არჩევნები, რამხელა ზეწოლაა, როგორი მძიმე სიტუაციაა. ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო, სტაბილური გარემო გვაქვს, 2012 წლის შემდეგ, უამრავ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, არ მახსოვს. მართლაც მშვიდი ვითარება, მშვიდი გარემო იყო და არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რაც ეუთო/ოდირმაც შეაფასა“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით „საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა“.